საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთთან ვერაფერი გააწყო

საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთთან ვერაფერი გააწყო

საქართველოს „ბ“ ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ ჩანგშუს საერთაშორისო ტურნირი მასპინძლებთან მარცხით დაასრულა. პოლონეთის „ბ“ და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებთან წაგების შემდეგ დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ჩინეთთან დიდი სხვაობით – 72:110 დათმო.
ჩინეთის ნაკრებს ქართველებამდე პოლონეთიც დამარცხებული ჰყავდა და რუმინეთიც. შესაბამისად, მასპინძლები ტურნირის ბოლო მატჩიც ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც. პირველ და მეორე პერიოდებში ჩინელებმა ქართველებს 31-31 ქულა ჩაუგდეს, საპასუხოდ 30 მიიღეს და დიდ შესვენებაზე 32-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში ქრთველებმა თამაში გამოაკეთეს, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩამორჩენა შეემცირებინათ. საბოლოოდ ჩინელებმა 38 ქულით იმარჯვეს და ტურნირი „ატლას 2016“-ის გამარჯვებულები გახდნენ.

საქართველოს ნაკრებში ჯახაბერ ჯინჭარაძე და აკაკი დვალიშვილი გამოირჩნენ. პირველმა 24 წუთში 19 ქულა ჩააგდო, დვალიშვილმა კი 23 წუთში ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. მერაბ ბოქოლიშვილმა ჩვენს ნაკრებს 9 ქულა შემატა, ბექა წივწივაძემ კი – 7.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად ქალაქ ჟანჯიაგანგში გადაინაცვლეს, სადაც ანალოგიური კალენდრით კიდევ ერთ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველები 8 ივლისს პოლონეთს, 9-ში რუმინეთს და 10 ივლისს ჩინეთს დაუპირისპირდებიან.
 
ჩინეთი 110:72 საქართველო 31:19, 31:11, 23:19, 25:23
  საქართველო: შვანგირაძე (13წთ, 5ქ), ბაქრაძე (17წთ, 6ქ), ჯინჭარაძე (24წთ, 19ქ), ბოქოლიშვილი (24წთ, 9ქ), გოგოძე (12წთ), ჯგერენაია (18წთ, 4ქ), წივწივაძე (24წთ, 7ქ), ორმოცაძე (7წთ), დვალიშვილი (23 წთ, 16ქ, 12მ), მათიაშვილი (17წთ, 2ქ, 5მ), ბექაური (22წთ, 4ქ, 4მ)