საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენში ჩავიდა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენში ჩავიდა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩავიდა, სადაც 23-25 აგვისტოს ცნობილ საერთაშორისო ტურნირ – „აკროპოლისის თასის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ილიას ზუროსი მშობლიურ საბერძნეთში ევროპის წამყვან ნაკრებებს დაუპირისპირდება – მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან ერთად „აკროპოლისის თასში“ მონაწილეობას მიიღებენ სერბეთისა და იტალიის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები ათნში 13 კალათბურთელით ჩავიდა:
გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, გიორგი გამყრელიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ზაზა ფაჩულია, გოგა ბითაძე, მიშა ბერიშვილი, ილია ლონდარიძე,  ბექა ბექაური და ანატოლი ბოისა. ნაკრებთან ერთად იმყოფება ვიქტორ სანიკიძეც, თუმცა მას ტრავმა აწუხებს და გუნდს მოედანზე ვერ დაეხმარება.
ილიას ზუროსის გუნდი ათენში თბილისიდან პირდაპირი რეისით, 3-საათიანი მგზავრობის შემდეგ, დილის 9 საათზე ჩაფრინდა.  საქართველოს ნაკრები ათენის „O. A. K. A. არენასთან“ ახლოს მდებარე სასტუმრო „სივიტელში“ დაბინავდა. ნაკრების წევრებმა ისაუზმეს და დასასვენებლად ნომრებს მიაშურეს. დღეს ილიას ზუროსი ნაკრებს 21:30 საათზე, „O. A. K. A. არენაზე“ ავარჯიშებს, სადაც 23 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ბერძნებთან ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, რომელსაც ფეხის მსუბუქი ტრავმა აწუხებს და მისი მდგომარეობის შესახებ კომენტარს ნაკრების ექიმი, თემურ ხვედელიძე აკეთებს (იხილეთ ვიდეო).
საქართველოს ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ საბერძნეთის შემდეგ სერბეთს (24 აგვისტო) და იტალიას (25 აგვისტო) შეხვდება. ილიას ზუროსის გუნდი ათენში 29 აგვისტომდე დარჩება და შემდეგ ისრაელში გადაინაცვლებს, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.