საქართველოს ეროვნული ნაკრები 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს ამბავი კვირას საღამოს სტამბოლში, ფიბა–ევროპის აღმასკომზე გადაწყდა, სადაც ჩვენი კონტინენტის კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მომავალ ევროპირველობაზე მონაწილეთა რაობენობა 24–ამდე გაზარდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 16–დან 24–ამდე 2013 წლის ჩემპიონატისთვის უნდა გაზრდილიყო, მაგრამ…
„ფიბა–ევროპის აღმასკომის სხდომა დღეს გაიმართა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა უკვე 2011 წლისთვის გაიზრდება. შესაბამისად, საქართველო და კიდევ 6–მა გუნდმა უკვე მოიპოვა ევროპის 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური. დარჩენილია 2 საგზური, რომლისათვისაც გასული შესარჩევი ტურნირის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული 3 გუნდი იბრძოლებს. როგორც აქვე გადაწყდა, მომავალ იანვარს გაიმართება ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა, სადაც ჩვენს მომავალ მეტოქეებს გავიგებთ. ძალიან გახარებულები ვართ ფიბა–ევროპის ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით“ – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა, რომელსაც სტამბოლში შევეხმიანეთ.
ფიბა–ევროპის ამ მოილოდნელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთან ერთად ევროპირველობის საგზური მოუტანა იტალიას, ლატვიას, უკრაინას, ბოსნიას, ბულგარეთს და პოლონეთს. შესაბამისად, აქამდე ევროპაზე გასული გუნდები 22–ამდე გაიზარდა (აქამდე 15 გუნდი იყო ცნობილი). დარჩენილ 2 საგზურს გასულ ევროშესარჩევ ტურნირზე ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები გაითამაშებენ. ანუ ფინეთი, უნგრეთი და პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 2 საგზურისთვის მომავალ ზაფხულს იბრძოლებენ.