დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო. საპატრიარქოში ნაკრები სრული შემადგენლობით მივიდა, მწვრთნელ–მოთამაშეებს თან ახლდნენ გუნდის ექიმები, მენეჯერი, პრეს–ატაშე და რაღა თქმა უნდა, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ვიცე–პრეზიდენტი ლაშა ძიძავა.
უწმინდესმა ფედერაციის პრეზიდენტს ჩვენი ნაკრების შესახებ გამოჰკითხა – თუ როგორია სატურნირე ვითარება, როგორ პირობებში ვარჯიშობენ ჩვენი ბიჭები და სხვა წვრილმან–მსხვილმანი. ილია მეორემ ჩვენს ნაკრებს წარმატება უსურვა, დალოცა და ნაკურთხი წყალიც აპკურა.
პატრიარქმა კალათბურთელებს მცირე ქადაგებაც წაუკითხა იმის თაობაზე, რომ კარგ სპორტსმენობასთან ერთად სასიამოვნო იქნებოდა, თუკი კარგად განათლებულებიც იქნებიან. ილია მეორემ სტუმრებს საკუთარი ბიოგრაფიული წიგნი – „მზიანი ღამე“ უსახსოვრა და წარმატებები უსურვა ხვალინდელსა და მომავალ ბრძოლებში.