საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ჯგუფში უმთავრეს კონკურენტ მონტენეგროსთან 74:76 წააგო. ეს იყო მატჩი, რომლის ბედიც ერთმა ბურთმა გადაწყვიტა. ამ ფონზე, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ მეტოქეზე ორჯერ მეტი – 16 ბურთი დაკარგა და ფარქვეშიდან რამდენიმე იოლად ჩასაგდები ბურთი ააცილა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა კარგად ითამაშა.
ეს აღნიშნა ნამატჩევს ქართველების მთავარმა მწვრთნელმაც, რომ მისმა გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ თამაშის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. ამასთან, კარგი დაცვა უძლურია ისე შორიდან ჩაგდებული სამქულიანების წინააღმდეგ, რომლებიც მონტენეგროელებმა მიითვალეს. მთლიანობაში ექსიუგოსლავიელებმა 13 სამიანი ჩააგდეს, რომლებიც 8 მოთამაშეზე გადანაწილდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო სწორედ შორი სროლების გამო. 13 სამქულიანიდან 4-5 ისეთი იყო, რომელთა წინააღმდეგ დაცვა უძლურია: კალათბურთელი პერიმეტრის ხაზიდან 2-4 მეტრით იწევს ცენტრისკენ და ისე ესვრის. სწორედ ასეთი ბურთები ჩააგდეს ჩვენმა სტუმრებმა დ საბოლოოდ 2 ქულით, საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჩაგდებული ბურთით მოგვიგეს.
ნიკოლა ვუჩევიჩის მოხსნა: ვიდეო გიფი
ამ ბურთის სამართლიანად ჩაგდების საკითხიც სათუოა. როცა ანგარიში თანაბარი იყო და თამაშის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა, მონტენეგროელები შეტევაზე წამოვიდნენ და საშუალო დისტანციიდან ამერიკელმა უკანახაზელმა ააცილა. ბურთი ნიკოლა პეკოვიჩმა ვუჩევიჩმა მოხსნა, მაგრამ ისე, რომ თორნიკე შენგელია იდაყვით მოიცილა. ვუჩევიჩმაც ააცილ, მაგრამ საბოლოოდ დურიშიჩი დაეუფლა და მისმა ორქულიანმა ანგარიში 76:74 გახადა.
მონტენეგროელები ჩვენს ფარზე 3-ჯერ ზედიზედ ბურთს ვერ მოხსნიდნენ, მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი რომ არ ყოფილიყვნენ გაგდებულნი. მსაჯებმა ეს მოთამაშეები თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ერთმანეთის მიყოლებულ შეტევებში გააგდეს. ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მისმა ორქულიანს მოყოლილმა საჯარიმომ შეხვედრის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე საქართველო 70:68 დააწინაურა. ამის შემდეგ ფაჩულია მალევე გავარდა და მონტენეგროელებმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩაგვიგდეს – 74:70 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.
მიუხედავად ამისა, ქართველებმა მოახერხეს და თორნიკე შენგელიასა და მაიკლ დიქსონის ორქულიანებით ანგარიში გაათანაბრეს, რის შემდეგაც ზემოთ ნახსენები მონტენეგროელთა შეტევა დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი 3 წამი წუთშესვენებაზე დაგეგმა და მაიკლ დიქსონის გამარჯვების სამქულიანი მონტენეგროელთა კალათში არ ჩაეშვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ალბანეთში – 10 სექტემბერს გამართავს.
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო. F ჯგუფი. თბილისი 7 სექტემბერი საქართველო 74:76 მონტენეგრო 25:19, 17:21, 12:22, 20:14 სრული სტატისტიკა: 74:76
თორნიკე შენგელია: ბურთი ხან ჩავარდება ხან არა, ერთადერთი რისი კონტროლიც შეგვიძლია არის დაცვა. ევროპაში ერთერთი ყველაზე ძლიერი გუნდია და გაგვექცა, დაწევა და გათანაბრება ძალიან ძნელია. დღეს ვერ შევძელით ეს მაგრამ იმედი მაქვს რომ 17 სექტემბერს ამას შევძლებთ. შეცდომები ორივე გუნდს ქონდა, ჩვენს სასარგებლოდაც უსტვენდნენ და იმათ სასარგებლოდაც.
ილიას ზუროსი: პირველ რიგში განსაკუთრებული და დიდი მადლობა გუშემატკივრებს!!! ისინი ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ. რაც შეეხება თამაშს, მე არ ვარ კმაყოფილი შედეგით, თუმცა ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით. მათ ბოლომდე დადეს თავი და იბრძოლეს ბოლო წუთამდე. ჩვენ ეს თამაში დეტალებში წავაგეთ. კონცენტრაცია დავკარგეთ და ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით თავდასხმაში. ჩვენ წავაგეთ ეს ბრძოლა, თუმცა არ წაგვიგია ომი. ჩემი მთავარი პრინციპია ცხოვრებაში, რომ არასოდეს არაფერს დავნებდე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვულოცავ გამარჯვებას მონტენეგროს.
ბოიან დუბლიევიჩი (მონტენეგროელთა კაპიტანი): ვფიქრობ რომ ყველასთვის სანახაობრივი და ნამდვილად კარგი თამაში გამოვიდა. საქართველოს ძლიან ძლიერი გუნდი ყავს და დამარცხება ადვილი ნამდვილად არ იყო მოგებას ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა ქონდა. გულშემატკივარმა დიდი ზეგავლენა მოახდინა თამაშის მსვლელობაზე, ისინი შეუდარებელნი იყვნენ დღეს საღამოს! ჩვენ ამას ველოდოთ და ასეც მოხდა. ვულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენს გუნდს, ჩვენს მწვრთნელს, ჩვენს ქვეყანას! ახლა დროა შემდეგ თამაშებზე გადავერთოთ და მოვემზადოთ.
ბოგდან ტანიევიჩი (მონტენეგროს მთავარი მწვრთნელი):
– პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დარბაზში ძალიან კარგი ქომაგობა იყო. 1964 წელს ქორქიასა და საკანდელიძის წინააღმდეგ მომიწია აქ თამაში და მაშინაც ნამდვილი საკალათბურთო ატმოსფერო. ამის ფონზე, უფრო დასაფასებელია ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ. სატურნირო ცხრილის თვალსაზირისითაც დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპის ჩემპიონატისკენ – წინ რა თქმა უნდა, კიდევ სამი თამაშია, მაგრამ დღევანდელმა მოგებამ ბევრი რამ გადაწყვიტა ჩვენთვის.
პირველ ნახევარში იყო მომენტები, როდესაც საქართველო წინ გავიდა 10 ქულით და ამ ჩამორჩენის გაბათილება მალევე რომ მოვახერხეთ, ეს გადამწყვეტი მომენტი გახლდათ. პირველი ტაიმის ბოლოს ორ ქულამდე შევამცირეთ ჩამორჩენა და იმ მომენტში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. ძალიან რთული გახლდათ ჩვენთვის მაშინ თამაში, როდესაც მოედანზე სამი მაღალი კალათბურთელი იყო, შენგელია, ფაჩულია და სანიკიძე. ასევე, შერმადინი, თუმცა ჩვენ მათი განეიტრალება მოვახერხეთ. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო გასაღები იმისა, რომ შეტევაში თამაში გამოგვივიდა. აქვე, ვიმედოვნებ, რომ დიდი იმედი მაქვს, ფინალურ ეტაპზე ჩვენთან ერთად საქართველოს ნაკრებიც გავა.
არ ვფიქრობ, რომ მსაჯებმა ჩვენი მხარე დაიჭირეს. ჩემი აზრით, მათ ძალიან კარგად იმსაჯეს მთელი შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებას თუ რას მივაწერ – უფრო ლოგიკურად მოვიგეთ, ვიდრე იღბლის ხარჯზე, რადგან პირველ ტაიმში საკმაო ჩამორჩენა ამოვქაჩეთ და მეორე ნახევარში მაღალი მოთამაშეებიც გავანეიტრალეთ. შაპასუხო თამაშს რაც შეეხება, შედეგით არ ვიცი, როგორ დამთავრდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღევანდელზე გაცილებით ადვილი მატჩი გვექნება, რადგან გულშემატკივარი მხარს ჩვენ დაგვიჭერს და ატმოსფეროც საჩვენო იქნება. მიუხედავად ამისა, რთულ თამაშს ველოდები