საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდი იყო, რომელმაც ტურნირის პირველ მატჩში ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი „მიჩიგან სპარტანსი“ 93:67 დაამარცხა.
რუსებმა საქართველოს ნაკრების ძლევაც მოახერხეს. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, რუსებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ქართველები მეტოქეს კუდში მისდევდნენ და წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდამტეხი გამოდგა მე-3 პერიოდი, რომელშიც ქართველებმა ფეხი და მიზანი ვერ აუწყვეს გამართულად მოთამაშე რუსებს და ჩვენების პირველი ტაიმის 6-ქულიანი ჩამორჩენა 17-მდე გაიზარდა – 57:40 მესამე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე.
რუსები ძალიან შედეგიანად უტევდნენ. მეტოქე იშვიათად აცილებდა როგორც ახლო, ისე საშუალო დისტანციიდან, ხოლო სამქულიანებს რუსები ძალიან ხშირად ესროდნენ და შესაბამისად, მეტსაც აგდებდნენ. მესამე პერიოდი რუსებმა 22:10 მოგვიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ მატჩის ბედი ფაქტობრივად სათავისოდ გადაწყვიტეს – 64:45.
19-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ერთ პერიოდში თითქმის შეუძლებელია და თან ამხანაგურ მატჩში, ევროპის ჩემპიონატის წინ მეტოქისთვის თავის შეკვლა ტრავმის საფრთხის გამო არანაირად არ ღირს. ქართველების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სათამაშო კომპონენტების დახვეწაზე გააკეთა აქცენტი და სავარაუდოდ ამ მატჩისგან მიღებულ გამოცდილებას სამომავლოდ გამოიყენებს.
საბოლოოდ რუსეთის ნაკრებმა 81:69 გაიმარჯვა და 30 აგვისტოს ტურნირის პირველი ადგილისთვის იტალიას შეხვდება. საქართველოს ნაკრები ტრიესტში ბოლო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ტრიესტის საერთაშორისო ტურნირი. პალატრიესტე. 29 აგვისტო რუსეთი 81:69 საქართველო
26:18, 16:18, 22:10, 17:23
რუსეთი: ხვოსტოვი 3, ვიალცევი 2, მონია 9, ვორონცევიჩი 14, პატეევი 6; ზუბკოვი 12, ბაბურინი 3, ფრიდზონი 14, ანტონოვი 4, პონკრაშოვი 7, ტოკარევი, ყურბანოვი 7, საქართველო: ცინცაძე 6 ქულა, 7 პასი, მარკოიშვილი 4, სანიკიძე 9 ქულა, 10 მოხსნა, ბურჯანაძე 9, ფაჩულია 20 ქულა, 7 პასი; შენგელია 13, პულენი 6, ფაცაცია, შერმადინი 2, სანაძე
სრული სტატისტიკა: 69:81