ჩინეთში მყოფმა საქართველოს „ბ ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს 14 ქულის სხვაობით – 54:40 მოუგო.
არადა, რუმინელებმა პირველი, ქალაქ ჩანგშუში გამართული მატჩი ქართველებს 68:52 მოუგეს. საქართველოს ნაკრები ახალი შეკრებილია და გუნდის წევრებს ერთად თამაშის გამოცდილება აკლდათ. ჩინეთში წასვლის წინ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა კიდეც, თავიდან გაგვიჭირდება, რადგან საკმაოდ ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ გამოცდილების გარეშე მივდივართო. „ბ“ ნაკრები ჩინეთში ისე წავიდა, 15 დღის შეკრებილს ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა რამდენიმე მატჩის შემდეგ ქართვეებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს.
რუმინეთის ეროვნული გუნდი ხელწამოსაკრავი როდია. რუმინელები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თანამასპინძლები არიან და მათი ნაკრები შესარჩევ ტურნირში არ მონაწილეობს. რუმინელები კონტინენტის პირველობისთვის კარგად ემზადებიან, რათა მასპინძლის ამპლუაში მყოფებმა თავი არ შეირცხვინონ.
სწორედ ასეთ ნაკრებს მოუგეს ქართველებმა და ჩინეთში 4 წაგების შემდეგ მოგებათა ანგარიში გახსნეს. ანგარიშიდან როგორც ხედავთ, მატჩი მეტად მწირექულიანი გამოდგა. ჩვენს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახლდათ, ხოლო სამმა მოთამაშემ – რიჩარდ მათიაშვილმა, აკაკი დვალიშვილმა და ბექა წივწივაძემ 8-8 ქულა დააგროვეს. ამ უკანასკნელის მნიშვნელოვან ეპიზოდში შესრულებული 2 სამქულიანი საკმაოდ დროული და გარდამტეხი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრები მორიგ და ქალაქ ჟანჯიაგანგის ტურნირის ბოლო მატჩს ჩინეთის „ბ“ ნაკრებთან გამართავს, რის შემდეგაც სხვა ქალაქში გადაინაცვლებს და ხსენებულ გუნდებთან მესამე – უკანასკნელ ტურნირს ითამაშებს.
საქართველო 54:40 რუმინეთი საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე (5), ჯინჭარაძე (13), მიქელაძე, ბოქოლიშვილი (6), გოგოძე, ჯგერენაია, წივწივაძე (8), ორმოცაძე, დვალიშვილი (8), მათიაშვილი (8), ბექაური (6)