საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა ჩინური შეკრება დაასრულა. დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა სამშობლოში გამომგზავრებამდე წინა დღეს ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და მარცხი განიცადა.
ჩინური უმაღლესი ლიგის ნახევარფინალოსანმა „ლაიონინგმა“ საქართველოს ნაკრებს მესამე შეხვედრაც მოუგო – ამჯერად ყველაზე დიდი სხვაობით – 97:74. შეგახსენებთ, რომ ჩინურმა კლუბმა საქართველოს „ბ“ ნაკრებს პირველი შეხვედრა 95:89 მოუგო, ხოლო მეორეში 88:71 იმარჯვა. „ლაიონინგთან“ ბოლო შეხვედრაში ქართველთაგან 19 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა. 17 ქულა დაგროვდა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე, აკაკი ლომოურმა კი 8 ქულა მიითვალა.
ჩინეთიდან ქართველები 14 ივლისს დაბრუნდებიან. იმ მოთამაშეების სახელებს, რომლებიც „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში გადაინაცვლებენ, თბილისში გუშინ ჩამოსული ილიას ზუროსი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადებს, რომელიც 14:30 საათზე ვაკეში მდებარე კალათბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართება.