საქართველოს ეროვნულმა “ბ” ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა “ბ” ნაკრებმა შეკრება დაიწყო

12 ივნისს საქართველოს ეროვნული „ბ“ ნაკრები შეიკრიბა. დავით უსტიაშილმა და რამაზ გოგობერიშვილმა ნაკრებში 14 მოთამაშე გამოიძახეს, რომლებმაც თავი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში მოიყარეს და პირველი ვარჯიში გამართეს.
„ბ“ ნაკრების დანიშნულება ის გახლავთ, რომ ეროვნული გუნდის შესაძლო კანდიდატები, რომლებსაც კარგი სეზონი ჰქონდათ და ძირითად ნაკრებში ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, ზაფხულის მანძილზე ფორმაში იყვნენ. შარშან „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში 3 კალათბურთელი გადავიდა, რომელთაგან 2 ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. „ბ“ ნაკრებში წლეულსაც მოაზრებიან ეროვნულ ნაკრებში გადასვლის კანდიდატები და ეს საკითხი ჩინური შეკრების შემდეგ გაირკვევა.

შარშანდელის მსგავსად, უსტიაშვილის გუნდი წლეულსაც ჩინეთში გაივლის შეკრებას, სადაც რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩინური ტურნირების კალენდარი უახლოეს დღეებში საბოლოოდ გახდება ცნობილი. მანამდე კი ჩვენი ნაკრები წვრთნას განაგრძობს და ჩინეთში 26 ივნისს გაემგზავრება. „ბ“ ნაკრები საქართველოში 18 ივლისს დაბრუნდება, თუმცა მანამდე, თუკი მწვრთნელები გადაწყვეტილებას მიიღებენ, „ბ“ ნაკრების წევრები თბილისში ჩამოვლენ და ეროვნულ ნაკრებს 15 ივლისს სლოვენიურ შეკრებაზე გაჰყვებიან.
დავით უსტიაშვილი, („ბ“ ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„შევიკრიბეთ 14 მოთამაშე. აქედან, რომ რამდენიმეს, როგორც შარშან, ვთქვათ, ჩინეთიდან რომ გაემგზავრა ეროვნულ ნაკრებში, თუკი ეროვნულის მწვრთნელები გადაწყვეტენ, წლეულსაც ექნებათ ამის შანსი. მივემგავრებით ჩინეთში 26 ივნისს 22 დღით. ვფიქრობ, იქ საკმაოდ საინტერესო და ბევრი თამაში იქნება. მატჩების განრიგი და რაოდენობა ამ დღეებში დაკონკრეტდება. ვფიქრობ, რომ მინიმუმ 10 თამაშს გავმართავთ, შესაშლოა, მეტსაც. გუნდში ბევრი ახალგაზრდა, ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომლებსაც წაადგებათ ეს მატჩები. შემდეგ უკვე, შეკრების დასასრულისკენ ვნახავთ, თუკი ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ვინმეს შეარჩვენ, ის მოთმაშეები ადრე დატოვებენ ჩინეთს“.  
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჩინეთში “ბ” ნაკრებში გამოძახებული 14 კალათურთელიდან ყველა გაემგზავრება.