საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბა. ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ნაკრების კანდიდატები შეგროვდნენ და 1 ივლისს პირველი ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრები ამით ლიტვაში გასამართი (31 აგვისტო – 18 სექტემბერი) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. სამი კვირის განმავლობაში კალათბურთელები ფიზმომზადებაში ივარჯიშებენ.
ნაკრების წევრობის 18 კანდიდატიდან პირველ ვარჯიშზე ბერიძის განკარგულებაში 12 კალათბურთელი გახლდათ – გიორგი გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, გიორგი შარაბიძე და გიორგი შერმადინი. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ვლადიმერ ბოისას, მანუჩარ მარკოიშვილს, თორნიკე შენგელიას, ტორინ გრინს, მარკეზ ჰეინსს და მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს, ისინი ნაკრებს ავსტრიული შეკრების დროს შეუერთდებიან, რომელიც 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ შტაინბრუნში გაიმართება.