საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა A დივიზიონელი ჩეხეთი დაამარცხა

საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. ლატვია. რიგა. 25-27 აგვისტო.საქართველო 74:68 ჩეხეთი15:21 21:17 22:14 16:16საქართველო: ცინცაძე (33 წუთი, 12 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი), ელისი (36 წთ. 22 ქ), სანიკიძე (24 წთ. 4 ქ. 8 მოხსნა),  ცქიტიშვილი (27 წთ. 14 ქ), ფაჩულია (31 წთ, 16 ქ. 4 მ); სათადარიგონი: ვ. ბოისა (18 წთ. 2 ქ), შერმადინი (3 წთ. 1 მ), გამყრელიძე (12 წთ), ა. ბოისა (7 წთ), ტუღუში (9 წთ. 4 ქ)ჩეხეთი: ვრუბლი (2), კუდლაჩეკი (9), სატორანსკი (7), კრაუსი (3), სოკოლოვსკი (11), ნეჩასი (6), პრაშილი (8), ბენდა (10), ჰუსკა (3), ჰუბალეკი (9)
36      მოხსნები        3014          პასები         127         ჩაჭრები         21     დაფარებები        010     დაკარგვები      1021      ჯარიმები        27
38/17    ორქულიანები    43/1618/8    სამქულაინები     15/728/16      საჯარიმოები     19/15
 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგის საერთაშორისო ტურნირის მეორე მატჩში A დივიზიონის ბინადარი ჩეხეთი დაამარცხა და რაც უპირველესად თვალში საცემია, ეს გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა.
თუკი აქამდე ჩვენი ნაკრების მატჩებში ერთი-ორი გამოკვეთილი მოთამაშე იყო და ძირითადად მათი ქულების ხარჯზე გავდიოდით ფონს, ახლა იგორ კოკოშკოვის გუნდში ერთბაშად 4 კალათბურთელი ასცდა ათქულიან ზღვარს და რანგით მაღლა მდგარი მეტოქე ღირსეულად დაამარცხა.

ტაირონ ელისმა ჩეხეთთან  ქართველებს 22 ქულა შეაშველა
წინა დღეს საფრანგეთთან წაგებული მატჩის ბომბარდირი ზაზა ფაჩულია ამჯერად 16 ქულით შეეწია ჩვენს ნაკრებს. ბომბარდირობა კი ქართულად ნატურალიზებულმა ამერიკელმა, ტაირონ ელისმა ითავა, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.
დამაჯერებლად ითამაშეს ხუთეულის წევრებმა: გიორგი ცინცაძემ და ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომლებიც ჩვენს ნაკრებს მესამე მეოთხედში გარდატეხის მოხდენაში დაეხმარნენ.პირველი მეოთხედი ჩეხებმა მოიგეს, თუმც კოკოშკოვის გუნდმა დიდი შესვენებისთვის ჯერ 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, მერე კი, მესამე ათწუთეულში, ჩეხებს მცირე საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. ქართველებმა 22:14 მოიგეს ხსენებული მეოთხედი და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

მატჩის შემდეგ დავუკავშირდით საქართველოს ნაკრების ასისტენტ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს:
“საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. საწყისი 20 წუთი ცუდად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი აშკარად მოვუმატეთ და საბოლოოდ ღირსეულად გავიმარჯვეთ…ჩეხეთის ნაკრებზე ცუდი არ ითქმის, საკმაოდ ძლიერი გუნდია და ძალიან სასიამოვნოა, ჩვენმა ბიჭებმა რომ ასეთ ღირსეულ მეტოქესთან მოახერხეს გამარჯვების მოპოვება…თუ შეამჩნიეთ, ქულები ხუთეულის წევრებზე მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა. ეს რაღაც მომენტში კარგია, რადგან იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენმა ნაკრებმა გუნდური კალათბურთი ითამაშა…ვერ ვიტყვი, რომ სასურველ ფორმაში ვართ, მაგრამ გარკვეულწილად გუნდმა ჩამოყალიბებული სახე მიიღო. სამუშაო კიდევ გვაქვს და დარჩენილი 3 ამხანაგური მატჩი ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ხუთეულის კონტურები კი მოიხაზა, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ დაიწყებს ძირითადში თამაშს. გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს. დარჩენილ მატჩებში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება. ხვალ ლატვიას ვხვდებით და მერე ავსტრიაში გადავალთ 2 ამხანაგური მატჩის სათამაშოდ”.