საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი 99:76 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი 99:76 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა 23-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო თბილისის საერთაშორისო ტურნირი. იგორ კოკოშკოვის გუნდს 23 ქულით ულიდერა 21 წლის თორნიკე შენგელიამ. ორმაგი დუბლი ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ ჩვენს გუნდს 16 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებმა მძიმე სტარტის შემდეგ დამაჯერებლად დაამარცხა არცთუ სუსტი ბელარუსი. სლავებს კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავთ და პირველ ტაიმში ტოლი არ დაუდეს ჩვენს ნაკრებს – კოკოშკოვის გუნდი დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 5 ქულით ლიდერობდა: 43:38.
საქართველოს ნაკრებში ითამაშა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც გუნდს 5 ქულა და 4 პასი შესძინა. 14-14 ქულით დაასრულეს შეხვედრა გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 19 საათზე, ესტონეთს დაუპირისპირდება, რომელიც 29 ივლისს ტალინში 90:76 გაანადგურა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრეს–კონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გაკეთდა:
ალექსანდრ კრივონოსი, ბელრუსის მთავარი მწვრთნელი:
 თამაში შედარებით უკეთ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ვერაფერი გავაწყეთ. ვფიქრობ ჩვენმა გუნდმა თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები დღეს ვერ გამოავლინა. გუნდში გარკვეული ცვლილებები განხორცილდა, დიდი ხანი არ არის რაც 3-4 მოთამაშე შემოგვიერთდა და ჯერ ბოლომდე შეთამაშებულნიც არ ვართ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე.
პაველ ილიანკო:
თამაში  ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ ფაქტია საბოლოოდ მეტოქე უკეთ  იასპარეზა. ჩვენ ყველაფერი  გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა აშკარად გვაჯობა.
ზაზა ფაჩულია:
არც ერთ გუნდთან არ არის იოლი თამაში, თუმცა მეორე ტაიმში  მართლაც კარგი თამაში ვაჩვენეთ, რაც პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომებიც გამოსწორების დამსახურებაა. თავდაპირველად თავდასხმაში არცთუ კარგად გავისარჯეთ, მეტოქის ფარზე მხოლოდ  5 მოხსნა განვახორცილეთ, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ეს ხარვეზი გამოვასწორეთ, რის ხარჯზეც მეორე ტაიმში გაცილებით შედეგიანად ვიასპარეზეთ.
თორნიკე შენგელია:
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ახალწვეულებს, კორი ფიშერსა და ჯეიკობ პულენს, ამხანაგურ შეხვედრებზე თითო-თითო მოთამაშე ასპარეზობდა, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს როგორც დაცვაში, ასევე  თავდასხმაში. იმედია,  მომდევნო მატჩებში თავს კიდევ უფრო გამოიჩენენ.

 

ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები