საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა, რომელიც საწვრთნელ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში იმყოფება, სპორტკომპლექს „ტერმე ოლიმიაში“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 78:73 დაამარცხა.
რაკი ორივე გუნდისთვის ეს მატჩი პირველი იყო მოსამზადებელ ციკლში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სტატისტიკის აღრიცხვა არ განხორციელდა. გუნდის მწვრთნელებისთვის არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აქცენტი სხვა ასპექტებზე გაკეთდა. შეთანხმებისვე საფუძველზე დაითქვა, რომ მომდევნო, 6 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში სტატისტიკური მაჩვენებლების აღრიცხვა მოხდება.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი უშედეგოდ დაიწყო, თუმცა პირველი მეოთხედის 11:20 წაგების შემდეგ თამაში დაალაგა და დიდ შესვენებას ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 36:33. ჩვენმა ნაკრებმა შედეგიანი თამაში მესამე პერიოდშიც განაგრძო და ბოლო პერიოდის წინ 64:55 იგებდა, რის შემდეგაც გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებია. 78:73 საქართველოს სასარგებლოდ.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს და თბილისში დაბრუნებამდე (10 აგვისტო) ვარჯიშს ვერ შეძლებს. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ბოსნიასთან მატჩის 13-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ გიორგი შარაბიძე, ბექა წივწივაძე, მიხეილ ჭოჭუა და ბესიკ ლეჟავა.
ბოსნიელებს 13-13 ქულა ჩაუგდეს მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი ცინცაძემ, ხოლო ბექა ბურჯანაძემ თავი 10 ქულას მოუყარა. შედეგიანი იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც 6 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. უნივერსალიზმი გამოავლინა მრავალმხრივმა ვიქტორ სანიკიძემაც, რომელმაც 10 ქულა, 5 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. გიორგი შერმადინმა 8, ხოლო დუდა სანაძემ – 6 ქულა დააგროვეს. განაცხადში იყვნენ, მაგრამ მოედანზე არ გასულან ნაკრების ახალწვეულები – გიგა ჯანელიძე და ნოდარ გოგოძე.
საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებები მეორე სპარინგ-მატჩს იმავე ადგილასა და დროს, 6 აგვისტოს გამართავენ.
საქართველო 78:73 ბოსნია 11:20, 25:13, 28:22, 14:20 საქართველო: პულენი (6 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა), ფხაკაძე (2 ქ), ფაჩულია (4 ქ, 6 პ, 9 მ, 1 დაკარგვა), ცინცაძე (13 ქ, 4 პ, 4 მ, 7 დ, 1 ჩ), შერმადინი (8 ქ, 1 პ, 3 მ, 1 დ), სანაძე (6 ქ), მარკოიშვილი (13 ქ, 1 პ, 2 მ, 4 დ), ფაცაცია, სანიკიძე (10 ქ, 3 პ, 5 მ, 2 დ, 3 ჩ), ბურჯანაძე (10 ქ, 3 მ, 1 ჩ), მეტრეველი (6 ქ, 4 მ, 2 დ)