საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში დანია 62:60 (სტატისტიკა) დაამარცხა და კონტინენტის მთავარი საკალათბურთო ფორუმის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. საქართველომ ევრობასკეტის საგზური პირველად 2011 წელს მოიპოვა, რის შემდეგაც არც ერთ საკონტინენტო პირველობას არ გამოკლებია – 2013, 2015, 2017, 2022 და ახლა უკვე 2025 წელს.

საქართველომ ევრობასკეტის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტი მატჩი მხოლოდ ქართველი კალათბურთელებით მოიგო. უცხოელები ჩვენთან არ თამაშობენ – ფიბა-ს მხოლოდ 1 ნატურალიზებული მოთამაშის გუნდში ყოფნის ნებართვა აქვს გაცემული და ამ შესაძლებლობით საქართველო მუდმივად სარგებლობდა. მხოლოდ 2014 წლის ევროსაკვალიფიკაციო მატჩებში არ გვყოლია უცხოელი – დანარჩენი, საქართველო მუდმივად სარგებლობდა ამ შესაძლებლობით და ჩვენს ნაკრებში ხან რომელი ამერიკელი კალათბურთელი თამაშობდა და ხანაც – რომელი.

კამარ ბოლდუინმა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 2 თამაშით გულშემატკივრებს თავიც შეაყვარა და  მუდმივად საორჭოფო საკითხზე ქომაგები კონსენსუსამდე მიიყვანა – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჩვენი გუნდისთვის ზედგამოჭრილია. ბურთსაც ათამაშებს, პასებსაც გასცემს და ჩაგდებაც შეუძლია – მეტი თვისება უკანახაზელს არ მოეთხოვება და ბოლდუინი ყველა ამ კომპონენტს აკმაყოფილებდა, თუმცა დანიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ სავალალო ტრავმა მიიღო. ვარჯიშის დროს მან სათამაშო სიტუაციაში ტერფის მყესი დაიზიანა და ექიმების დიდი რუდუნებისა და მონდომების მიუხედავად, დანიასთან სათამაშოდ გასვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრები დარჩა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშისა და მთავარი გამთამაშებლის გარეშე. მწვრთნელი ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან მთელი შეკრების პერიოდში ყველაფერი იმ სქემაზე ააგო, რომელშიც საკვანძო როლი კამარ ბოლდუინს ეჭირა. როცა მწვრთნელმა ყველა კომბინაცია თუ თამაშის  სხვა დეტალი საბოლოოდ შეაჯერა და მოთამაშეებისთვის გენერალურ, მატჩისწინა ვარჯიშზე უნდა გადაეცა, ამ კომბინაციების ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა პირმა ტრავმა მიიღო. 

სწორედ ამიტომაცაა ათმაგად დასაფასებელი ჩვენი ნაკრების წარმატება. ასეთი დიდი დანაკლისის შემდეგ, როცა იმ გუნდს ეთამაშები, რომელთანაც პირველი წრის მატჩი წააგე და მას შემდეგ მან შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიძლიერა და მაინც ახერხებ მის დამარცხებას, მოგება გმირობის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველი კალათბურთელი, რომელიც მოედანზე გავიდა და დანიის ნაკრებს არაფერი დაუთმო, ნაკრების თითოეული წევრი უდიდეს დაფასებას იმსახურებს. ეს გმირები არიან: თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, რატი ანდრონიკაშვილი და გიორგი კორსანტია, ასევე მოთამაშეები, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ – ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი და ტრავმირებული კამარ ბოლდუინი. ბიჭები, რომლებიც ნაკრებში არიან, მაგრამ დანიასთან 12-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ – ილია ლონდარიძე, ლუკა ლიკლიკაძე და სანდრო სანაძე.

მწვრთნელთა საკითხი ცალკეა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა მოახერხა და ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილ ჩვენს ნაკრებს უმოკლეს დროში ისეთი სათამაშო ტაქტიკა მოარგო, რამაც დანიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან გაგვამარჯვებინა. დანიას მეორედ, 8-წლიანი პაუზის შემდეგ შემადგენლობაში ჰყავდა შეივონ შილდსი – იტალიური მილანო ოლიმპიას ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც თამაში 8 ქულითა და 5 მოხსნით (11-დან 2 ორქულიანი) დაასრულა. დანიელებს ჰყავდათ იფე ლუნდბერგი, ბელგრადის პარტიზანის ლიდერი და ევროლიგაში გამობრძმედილი უკანახაზელი, რომელმაც საქართველოსთან მხოლოდ 10 ქულა ჩააგდო და პერიმეტრიდან დილეტანტური შედეგი (10-დან 1) აჩვენა. 

თამაშის მიმდინარეობა საჩვენო იყო და პირველი ნახევრის შემდეგ 12 ქულითაც ვიგებდით თუმცა შემდეგ მოვლენები ნერვებისთვის საზიანოდ წარიმართა. დანიამ ჩამორჩენა ჯერ შეამცირა და ბოლო პერიოდში, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ლუნდბერგის ამ მატჩში მითვლილი ერთადერთი სამქულიანით წინაც გავიდა. გადამწყვეტ წუთებში ჩვენმა ბიჭებმა გმირულად ითამაშეს – შენგელიამ ჰაერივით საჭირო ჩაჭრა მიითვალა, დუდა სანაძემ კი ჯერ სამიანით, ხოლო შემდეგ გამარჯვების ორქულიანით მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში დაცვის ხარჯზე მოიგო, რადგან შეტევაში ვერცთუ შედეგიანად მოთამაშემ მეტოქეს ჩაგდების საშუალება მაქსიმალურად შეუზღუდა და შედეგიც მოიმკა. საქართველომ 2 ქულით გაიმარჯვა, თუმცა ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ევრობასკეტზე გასასვლელად.

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს ბელგრადში გამართავს. ამ მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს – მოიგებს თუ წააგებს, საქართველო საკვალიფიკაციოს ჯგუფში მე-2 ადგილზე დაასრულებს, ისევე როგორც სერბეთი ნებისმიერ შემთხვევაში პირველია. 

სად ითამაშებს საქართველო მისთვის ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტს, ეს მალე გაირკვევა, როცა ფიბა ევროპირველობაზე გასულ 24 ნაკრებს ჯგუფებში წილისყრით გაანაწილებს.  ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით 4 ქვეყანაში – პოლონეთში, ფინეთში, ლატვიასა და კვიპროსში გაიმართება.