საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერიის თასი ჰოლანდიის ძლევით გახსნა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერიის თასი ჰოლანდიის ძლევით გახსნა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო თბილისის მერიის თასის გათამაშება. ტურნირის პირველ მატჩში, რომლის ორგანიზატორიც დედაქალაქის მერია გახლავთ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა 77:66 დაამარცხეს ჰოლანდია.
მატჩი ამხანაგური იყო, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებს რევანშის სურვილი ჰკლავდათ – ჰოლანდიამ ხომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს 1 ქულით, უდაძაბულეს ბრძოლაში სძლია და სწორედ „ნარინჯისფერებმა“ მოგვიგეს 2012 წლის ევროსაკვალიფიკაციო ტურნირში 2-დან 1 შეხვედრა.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჰოლანდიელთა მწვრთნელმა, ტუნ ვან ჰელფტერენმა მატჩამდე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ საქართველო რევანშის ასაღებად ითამაშებსო, თუმცა ეს მცნება ილიას ზუროსს ამ შემთხვევაში ნაკლებად აინტერესებდა. ჰოლანდიელთა დამარცხებაზე მთავარი გუნდის შეთამაშება და წინსვლა გახლდათ. ამ მხრივ ჰოლანდიასთან მატჩი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. საქართველოს ნაკრების ბერძენმა სპეციალისტმა შეცვლები თამამად აკეთა – ახალბედა ლუკა ზაქრაძე მეორე პერიოდშივე გაიყვანა მოედანზე, ხოლო როტაციას ხშირად მიმართავდა და ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებს სამარქაფოებს წარმატებით უნაცვლებდა.

ძალიან სასიხარულოა, რომ მაიკლ დიქსონი ნაკრებს კარგად შეეწყო. ამერიკელ უკანახაზელს ბურთების ჩაგდება კარგად ეხერხება და პასების ჯადოქარ გიორგი ცინცაძის მოედანზე არყოფნაში მას შეტევების ორგანიზებაც რიგიანად ეხერხება. გიორგი ცინცაძემ ტრადიციულად ბასრი და ლამაზი პასები აკეთა. სანიკიძემ კი კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ შორი დისტანციიდან მიზანი გაიუმჯობესა და ბევრ მეტოქეს მისი სამქულიანები მკერდზე ისრად დაესობა.
ჩინებულად ჩაერთთვნენ თამაშში გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც ბურთი არ აუცელიათ. ამ უკანაკნელმა მისი ყველაზე სახიფათო იარაღი აამოქმედა და 2 სამქულიანით ქართველებს გაქცევის ბიძგი მისცა. შერმადინი კი საჯარიმოს ხაზიდან თუ თამაშიდან შეუცდომლად ესროდა, რაც სტაბილურობის განცდას უძლიერებს ზუროსის გუნდს. მიმდინარე ციკლში პირველი მატჩი გამართა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც გუნდთან შეერთების მე-3 დღის კვალობაზე დიდებულად გაისარჯა. თორნიკე შენგელია ნელ-ნელა უახლოვდება ოპტიმალურ ფორმას. მისი ქმედება ერთნაირად სახიფათო ხდება მეტოქესთვის როგორც პერიმეტრზე, ისე საჯარიმოსა და ფარქვეშ. დუდა სანაძემ მისთვის დამახასუათებელი შორი სროლები ვერ ჩააგდო, თუმცა ის დაცვაში თამაშობდა კარგად და სწრაფი კონტრშეტევებით მეტოქეს აწუხებდა.
ილიას ზუროსის საზრუნავი დაცვაა, რაზეც ბერძენი მწვრთნელი დაუღალავად მუშაობს და გაწეული შრომის შედეგებს მომავალში ელის. ეს მატჩი კი ამ გზაზე კარგი გაკვეთილია. საქართველო ტურნირის მეორე დღეს, 13 ივლისს უკრაინას შეხვდება, რომელმაც ტურნირის გახსნის მატჩში რუსეთთან ვერაფერი გააწყო. რუსებს დაუშავდათ ტომოფეი მოზგოვი, რომელმაც მეორე პერიოდში ტრავმა მიიღო და მისი ტრავმის სიმძიმეს ექიმები უახლოეს საათებში გაარკვევენ.
მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ჩავიდა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და მათთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
13 აგვისტოს კალენდარი ასე გამოიყურება:
რუსეთი – ჰოლანდია                                        17:30 საქართველო – უკრაინა                                     20:00

თბილისის მერიის თასი. 12 აგვისტო საქართველო 77:66 ჰოლანდია სრული სტატისტიკა: 77:66
 

მატჩის შემდეგ
ილიას ზუროსი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ  ჩვენს მოთამაშეებს და ყველა გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. ეს იყო ჩვენი პირველი მოსამზადებელი საშინაო მატჩი და ყველა მოთამაშემამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა.  მჯერა, ჩვენი მოთამაშეების და დარწმუნებული ვარ რომ  გაცილებით უკეთესად შეუძლიათ დაცვაში თამაში, რადგან დაცვა არის ის, რამაც უნდა მოგვაგებინოს ევროშესარჩევი მატჩებიდა გაგვიყვანოს  ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება თავდასხმაში თამაშს, ის გამოცდილებიდან მოდის და ამ კომპონენტშიც  უკეთესად ვიასპარეზებთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სპორტის სასახლეში მოვიდნენ და მხურვალედ გვიქომაგეს.  ვისურვებდი, რომ მომავალ მატჩებზეც არ მოგვკლებოდეს სავსე ტრიბუნები. ქართველები და ბერძნები ძალიან გვანან ერთმანეთს ეროვნულ სულისკვეთებაში, რაც საბერძნეთში მუშაობისას გამოვცადე და დღეს ეს ძალიან ნათლად იგრძნობოდა.
ტუნ ვან ჰელფტერენი (ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): საქართველოს ნაკრების კარგი თამაშის წყალობით ისე არ წაგვივიდა თამაში, როგორც ვგეგმავდით და ყველაფერი აგვერია. ვფიქრობ, გამოცდილებამ იჩინა თავი. ზაზა ფაჩულიას წყალობით ფაქტიურად ფარქვეშ თამაში დავთმეთ. თუმცა, ეს პირველი თამაში გახლდათ აქ დაგეგმილი 3 მოსამზადებელი მატჩიდან და ვეცდებით, დარჩენილ შეხვედრებში ჩვენი ხარვეზები გამოვასწოროთ.
გიორგი შერმადინი: (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): ყველას მივულოცავთ ამ გამარჯვებას. მართალია ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა ჩვენს სახლში ვითამაშეთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მწვრთნელმა გარკვეული მონახაზი მოგვცა რაც უნდა გაგვეკეთებინა და ვფიქრობ საბოლოოდ ყველაფერი  კარგად გამოგვივიდა. დაცვაში გვქონდა შეცდომები, მაგრამ გამოვასწორებთ და მომავალში კიდევ მრავალჯერ გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარებს. რაც მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვართ და მაქსიმალურად დავიხარჯებით.