საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა და კანდიდატებიც გამოსცადა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა და კანდიდატებიც გამოსცადა

 საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაიწყო თბილისის მერიის თასი, რომელშიც ჩვენს გუნდთან ერთად ბელარუსი, მოლდოვა და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობენ. სხვანაირად არც იქნებოდა. მოლდოვის ნაკრები არ განეკუთვნება იმ ნაკრებთა კატეგორიას, რომელმაც შეიძლება, იგორ კოკოშკოვის გუნდს წინააღმდეგობა გაუწიოს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მოლდოველებთან კარგი საშუალება მიეცა, ის კალათბურთელები გამოეცადა, რომლებსაც ნაკრებში ჯერაც დასამტკიცებელი აქვთ საკუთარი შესაძლებლობები. ზაზა ფაჩულიამ, ნაკრების კაპიტანმა და ქართველების გამწევმა ძალამ მხლოდ საწყისი 6 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც სათადარიგოთა სკამზე დაჯდა და მოედანზე აღარ გამოჩენილა.
სამაგიეროდ, მოედანზე ვიხილეთ ნაკრების კანდიდატები, რომლებსაც იგორ კოკოშკოვმა სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადაუნაწილა. ამით ქართველების დამრიგებელს კარგი შანსი მიეცა, ყველა კანდიდატი საქმეში ენახა და ოპტიმალურად შეეფასებინა თითოეული მათგანის შესაძლებლობები.
საქართველომ მოლდოვა 52 ქულის სხვაობით – 108:56 დაამრცხა და მატჩის ბომბარდირი ბექა ბურჯანაზე გახდა. ბურჯანაძე საქართველოს ნაკრების მომავალია, რომელმაც სპორტის სასახლეში პირველად ითამაშა. 16 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, ხოლო დუდა სანაძემ პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა.
ერთი სიტყვით, მოლდოვასთან იყო კანდიდატთა და მომავალი თაობის გამოცდა. ხვალ ქართველებს სერიოზული მეტოქე ჰყავთ – დიდი ბრიტანეთის ნაკრებს ლუოლ დენგი აკლია, მაგრამ გასულ ევრობასკეტზე ქართველებზე მაღალი შედეგით იწონებს თავს და მოედანზე მოგების ამბიციითაც გამოვლენ.
 
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ჯეისონ სტოდტი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქართველი მაყურებლის წინაშე თამაში ჩვენი ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვულოცავ ნაკრებს ამ გამარჯვებას. შევეცადეთ, დღეს ძირითადად ახალგაზრდები დაგვეტვირთვა, რაც მათთვის საკმაოდ დიდი გამოცდილების მიმცემი იქნება.  ხვალ და ზეგ კიდევ 2 სპარინგ მატჩს გავმართავთ, რაც ოფიციალური თამაშებისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
ვლადიმერ პოლიხი: მოლდოვის მთავარი მწვრთნელი:საქართველოს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ამ ტურნირზე ყველა ნაკრებს თავისი ამოცანა აქვს და საქართველოს დამარცხების პრეტენზია არ გვქონია, რადგან ჩვენს გუნდებს შორის დონე საკმაოდ განსხვავებულია. რაღაც გამოდის, რაღაც არა, თუმცა შევეცდებით შემდეგ თამაშებზე ნაკლები ვინერვიულოთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.
ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი):როგორც ჯეისონმა აღნიშნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი. პირადად მეც დიდხანს ველოდებოდი და ვემზადებოდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშისთვის, ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და მაქსიმალურად ვეცდები,  დარჩენილ შეხვედრებში კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ნაკრებისთვის.
ნიკოლაი კოჟუხარი: მოლდოვის ეროვნული ნაკრების წევრი: მადლობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო. გვიხარია, რომ ამ ტურნირზე მონაწილეობის საშუალება მოგვეცა, იმედია, შემდეგში უკეთ ვიასპარეზებთ.
თბილისის საერთაშორისო ტურნირი. 2 აგვისტო
საქართველო 108:56 მოლდოვა
25-12 40-9 24-20 19-15
 
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=16&gameID=43130&lng=en
 
ფოტოგალერეა:

GEORGIA – MOLDOVA

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on 2014 m. rugpjūtis 2 d.