საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგის ტურნირი მასპინძელი ლატვიის დამარცხებით დაასრულა

 საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. ლატვია. რიგა. 25-27 აგვისტო.
ლატვია  72:80  საქართველო
19:22 15:22 17:20 21:16
 
ლატვია: იანიჩენოკსი (18), ბიედრინსი (18), უმბრაშკო (2), ჰელმანისი, ვიტოლსი (4), ბლუმსი (15), იურევიჩუსი, ვესელოვსი (2), სიპრუსი (1), ბერზინსი (12), გარბანისი
 
საქართველო: ცინცაძე (22 წუთი, 5 ქულა, 3 პასი), ელისი (30 წთ. 10 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წთ. 5ქ. 7 მოხსნა),  ცქიტიშვილი (24 წთ. 9 ქ. 7 მ), ფაჩულია (25 წთ. 14 ქ. 8 მ); სათადარიგონი: ვ. ბოისა (23 წთ. 18 ქ), შერმადინი (7 წთ. 3 მ. 2 დაფარება), გამყრელიძე (25 წთ. 14 ქ. 3 პ), ა. ბოისა (13 წთ. 5 ქ), ტუღუში (2 წთ)
 
34      მოხსნები        35
12          პასები         12
6         ჩაჭრები         9
2     დაფარებები       3
12     დაკარგვები      11
21      ჯარიმები        24
 
33/18    ორქულიანები   33/15
25/6    სამქულაინები     22/11
26/18      საჯარიმოები     26/17
 
იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგაში მასპინძელი ლატვია დაამარცხა და მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო ეს წარმომადგენლობითი ტურნირი, რომ ბურთების შეფარდება ჰქონდა სხვებზე უარესი.
ქართველებს ძვირად დაუჯდათ  2 დღის წინ ფრანგებთან 21 ქულით დამარცხება და ამის გამო ვერ იმარჯვეს ლატვიურ ოთხთა ტურნირზე. სამაგიეროდ, ჩვენებმა ჩეხეთი დაამარცხეს და დღეს რიგის ტურნირზე მანამადე წაუგებელ ლატვიელებსაც აჯობეს. მასპინძლებმა წინა მატჩში ფრანგებს სძლიეს 17 ქულით და ქართველებთანაც ყველა მათ მიიჩნევდა ფავორიტად, თუმცა კოკოშკოვის გუნდმა ყველა გააოცა და A დივიზიონის ბინადარი ლატვია საკუთარი ქომაგების თვალწინ დაამარცხა.

ლაშა გამყრელიძე და იგორ კოკოშკოვი
ქართველებმა ძალიან ძლიერად ითამაშეს დაცვაში და წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც გუნდურად მოქმედებდნენ. არც ახლა ჰყოლია კოკოშკოვის გუნდს გამოკვეთილი ლიდერი, ყველა თავის საქმეს ასრულებდა და ბომბარდირობა სულაც სათადარიგო ვლადიმერ ბოისამ ითავა.
აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესულებმა ძალიან გაუმართლეს კოკოშკოვს. ბოისასთან ერთად ლატვიასთან მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო სათადარიგო გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე, რომელმაც 25 წუთი დაყო მოედანზე და 5 ცდიდან 4 სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში. ქართველები საერთოდაც კარგად ისროდნენ შორიდან. კოკოშკოვის შეგირდებმა 22 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდეს და მთელი მატჩის განმავლობაში პრობლემა არ შექმნიათ.
ქართველებმა პირველი მეოთხედი 22:19 მოიგეს, ხოლო მეორეში უფრო დაცვაზე გადაერთვნენ და დიდი შესვენებისთვის უკვე 10 ქულით ლიდერობდნენ (44:34). მეორე ტაიმიდან ლატვიელები ცოტა გამოფხიზლდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლოში ქართველებმა ისევ იყოჩაღეს. მასპინძელთა საუკეთესო მოთამაშე, ნბა-ს გუნდ “გოლდენ სტეიტის” ძირითადი ცენტრი ანდრეს ბიედრინსი ჩვენი ტანმაღალი მოთამაშეებისგან შეიბოჭა. ნიკოლოზ ცქიტიშვილი არაა ნომინალური ცენტრი, მაგრამ ბიედრინსის განეიტრალებაში ყველაზე მეტად იგორ კოკოშკოვმა სწორედ ნიკას გარჯა გამოარჩია, როცა მატჩის შემდეგ რიგაში დავუკავშირდით.

ცქიტიშვილმა ლატვიასთან თავისი საქმე გააკეთა
ლატვიელებმა მოახერხეს და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ტაირონ ელისმა და ვლადიმერ ბოისამ მასპინძელთა წელში გამტეხავი სამქულიანები მიითვალეს და ქართველების ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. სულ ბოლო წამებზე კოკოშკოვის გუნდმა ლატვიელებისგან სამქულიანი მიიღო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 80:72 საქართველოს სასარგებლოდ.
ასე და ამგვარად, რიგის საერთაშორისო ტურნირზე სამ გუნდს – საქართველოს, საფრანგეთს და ლატვიას – თანაბარი ქულები დაუგროვდა და ამათ შორის საუკეთესო პირად შეხვედრებში ჩაგდებული ბურთების შეფარდებით გამოვლინდა. ამ შემთხვევაში კი უკეთესი მაჩვენებელი ლატვიას ჰქონდა და პირველობაც მასპინძლებს ერგოთ. მეორე საფრანგეთია, მესამე კი საქართველო, მაგრამ ამას მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ, ისევე როგორც ლატვიამ და საფრანგეთმა, 2 მოგების მოპოვება მოახერხა და რაც მთავარია, მხოლოდ კოკოშკოვის გუნდმა შეძლო მასპინძელი ლატვიელების დამარცხება.
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:“ამ მოგებას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩამდე ბიჭებს ველაპარაკე, რომ თუკი საკვალიფიკაციოში წარმატების მიღწევა გვინდა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ მეთქი. ჩვენ ახლა განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება გასვლით შეხვედრებს, რაკი სექტემბერში ოთხივე მატჩს სტუმრად ვთამაშობთ. ლატვიელების დამარცხება კი იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისინი მასპინძლები იყვნენ…
ბიჭებმა გაცილებით უკედ ითამაშეს, ვიდრე გუშინ, ჩეხეთთან. საერთოდაც, ეს იყო ჩვენი ნაკრების საუკეთესო მატჩი, რაც ძირითადად კარგი დაცვის დამსახურებაა. ეს შეხვედრა დაცვამ მოგვაგებინა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდი სწორედ დაცვიდან იწყობა და ამ შეკრებისა და ამხანაგური მატჩების მთავარი მიზანიც ხომ ამ კომპონენტის დახვეწა და სრულყოფაა…
ჩვენ ვუყურეთ გუშინ ფრანგებისა და ლატვიელების მატჩს და გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუკი დაცვაში კარგად ითამაშებთ, შეტევაში ბურთების ჩაყრა არ გაგიჭირდებათ მეთქი და ასეც მოხდა. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება და დღეს ყველა გუნდის წევრი ამაყია, რათა პატარა სასწაული მოვახდინეთ. ლატვიელი ქომაგი და განსაკუთრებით, თავად მოთამაშეები, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენ მათ დამარცხებას შევძლებდით. მასპინძლების ძლევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ალბათ მათი ზედმეტი თავდაჯერებულობაა…
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული წინსვლა გვაქვს, მწვრთნელები მიღწეულით კმაყოფილები არ ვართ. ახლა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ დარჩენილ დროში, 6 სექტემბრამდე, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ეს თუ მოვახერხეთ, მჯერა, რომ ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ოთხივე გასვლით შეხვედრას მოვიგებთ”. 
საქართველოს ნაკრები ხვალ ვენაში გაემგზავრება და ავსრიის ეროვნულ გუნდთან 29-30 აგვისტოს ორ საკონტროლო მატჩს გამართავს. ამით იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის სამზადისს დაასრულებს და 6 სექტებმებრს ლუქსემბურგში უკვე ოფიციალური შეხვედრა ელის.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს ეროვნული ნაკრები წლეულს ოთხივე ოფიციალურ მატჩს სტუმრად გამართავს. ლუქსემბურგის შემდეგ, 10 სექტემბერს, დუბლინში ირლანდიას გავეჯიბრებით, 13-ში სლოვაკეთში ვითამაშებთ, ხოლო ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეს უმეოში, შვედეთის ნაკრებთან შეხვედრით, 17 სექტემბერს დავასრულებთ 
საბოლოო ცხრილი
ლატვია                         3     2     1     226:202     5საფრანგეთი                3     2     1     246:219     5საქართველო               3     2     1     223:230     5ჩეხეთი                          3     0     3     189:233     3