ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მესამე ტური. სლოვაკეთი. ნოვი ვესი
სლოვაკეთი 78:101 საქართველო
17-31 13-26 23-28 25-16
საქართველოს ნაკრები დიდი სიფრთხილით ჩავიდა სლოვაკეთში, თუმცა პირველივე მეოთხედის შემდეგ გაირკვა, რომ იგორ კოკოშკოვის გონივრულად მოთამაშე გუნდს პროვინციულ ქალაქ ნოვა ვესში საფრთხე აღარ ემუქრებოდა. სლოვაკებმა წინა ტურში შინ ლამის დაამარცხეს ჩვენი ჯგუფის ერთ–ერთ ლიდერად შერაცხული შვედეთი, ბოლო წამებზე მხოლოდ ქულა დაუთმეს და თავისთავად ცხადი იყო, რომ ქართველებს მათ მოედანზე იოლი გასეირნება არ უნდა დაეგეგმათ.
თუმცა დაიწყო მატჩი და რამდენიმე წუთის შემდეგ ქართველების დიდი უპირატესობა გამოიკვეთა. კოკოშკოვის გუნდი ისე დამაჯერებლად თამაშობდა მოედნის ორივე ნახევარზე, რომ სლოვაკები შეიბოჭნენ და მთელი პირველი ტაიმის მანძილზე მათგან მხოლოდ სამმა კალათბურთელმა ჩააგდო ბურთები, რაც უპირველესად, ქართველების დაცვის დამსახურება იყო.
ტაირონ ელისმა სლოვაკ ოპონენტს გზა გადაუღობა
მხოლოდ დაცვა არ იყო კოკოშკოვის გუნდის მძლავრი იარაღი. ჩვენიანები შესაშური სიზუსტით ესროდნენ როგორც ახლო, ისე შორი დისტანციებიდან. პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა საქართველოს ნაკრებს ორქულიანების სროლათა 100% ჰქონდა ჩაგდებული (8–დან 8), ხოლო 5 პერიმეტრსმიღმა სროლიდან 4 გაერტყა მიზანში.
ერთადერთი, რაშიც ქართველები მოიკოჭლებდნენ, საჯარიმო სროლები იყო, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ცვლიდა იმ საერთო ფონს, რომელიც კოკოშკოვის გუნდის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ შექმნილიყო. ტაირონ ელისმა პირველ მეოთხედში 4 სამქულიანი ესროლა და ყველა ჩააგდო (საბოლოოდ 7–დან 6 სამიანი მიითვალა), ნიკოლოზ ცქიტიშვილი კი პერიმეტრსმიღმიდანაც იხვეჭდა ქულებს და რამდენჯერმე მოხდენილადაც ჩაუტენა აჭრილ სლოვაკებს და ქართველებმა უკვე მეშვიდე წუთისთვის გამოხატეს თავიანთი ლიდერობა ორნიშნა რიცხვით – 26:14.
ეს იყო და ქართველთა უპირატესობა ამ მატჩში ეჭვქვეშ აღარ დამდგარა. რაც დრო გადიოდა, კოკოშკოვის შეგირდების უპირატესობა იზრდებოდა და ათეულებს აჭარბებდა, ხოლო მესამე მეოთხედის დასაწყისში ზაზა ფაჩულიას ჩატენვის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს, 35 ქულას მიაღწია: 68:33.
ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ რადოსლავ რანჩიკი მოიმწყვდიეს
ფაჩულია იყო სლოვაკების რისხვა ფარქვეშ. ზაზამ უამრავი იოლი ბურთი ჩაუგდო მასპინძლებს სამწამიანი ზონიდან და ის რომ ასე ლაღად გრნობდა ფარქვეშ თავს, მისი თანაგუნდელების დამსახურებაც იყო. გიორგი ცინცაძე მას პასებით ამარაგებდა, ხოლო ვიქტორ სანიკიძე და ცქიტიშვილი ფარქვეშ ეხიდებოდნენ. ამ უკანასკნელმა სულაც თავგზა აუბნია თავის მეურვეებს, რადგან ისეთივე წარმატებით ესროდა სამქულიანებს, როგორც ფარქვეშ ყოჩაღობდა.
ცქიტიშვილმა ამ მატჩში ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა(6), რამდენმჯერმე სლოვაკებს ჩაუტენა კიდეც და თან სამქულიანებიც ბლომად ჩააგდო – 6 ცდიდან 4 მოათავსა მასპინძლების ფარში. როცა 213–სანტიმეტრიანი მოთამაშე 4 სამქულიანს აგდებს, მის მეურვე კალათბურთელს საქმე კარგად ვერ ექნება.
ქართველებს ირლანდიის მსგავსად სლოვაკეთშიც მხურვალე მხარდაჭერა ჰქონდათ. კოკოშკოვის გუნდის საქომაგოდ სლოვაკეთში მცხოვრები ქარველები ეროვნული დროშებით მივიდნენ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი სლოვაკეთში ნიკო ნიკოლოზიშვილი, რომელმაც მატჩის შემდეგ პირადად მიულოცა ჩვენებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.
როცა სლოვაკეთში ჩადიოდნენ, ქართველებმა იცოდნენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მასპინძელთა ლიდერ რადოსლავ რანჩიკისგან ელოდათ. რანჩიკმა შვედებს 34 ქულა ჩაუგდო და ქართველებთანაც საამისოდ გაიწია, მაგრამ ჩვენიანთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. მას საიმედოდ მეურვეობდა ნიკა ცქიტიშვილი, თუმც როცა ვლადიმერ ბოისა გამოვიდა მოედანზე, სლოვაკების ლიდერი ქართველებისთვის უსაფრთხო გახდა. კი აგდებდა რანჩიკი ბურთებს, მაგრამ ბევრს ვერა და კოკოშკოვის გუნდმა გამარჯვებულის ვინაობა უკვე მესამე მეოთხედის ახალდაწყებულზე გაარკვია, როცა 35–ქულიან უპირატესობას დაეპატრონა.
საბრძოლო ეპიზოდი საქართველოს ნაკრების ფარქვეშ
ბოლო მეოთხედის წინ საქართველო 32 ქულას იგებდა და იგორ კოკოშკოვმა სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცა შანსი. უფრო სწორად, ნაკრების ახალბედებს, თორემ სათადარიგოები მანამდეც იყვნენ მოედანზე და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. 17 წლის თორნიკე შენგელიამ ლუქსემბურგთანაც ითამაშა, აი, მიხეილ ბერიშვილისთვის კი სლოვაკეთში ოფიციალური სანაკრებო დებიუტი შედგა. ბერიშვილი საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე შევიდა მოედანზე და სამიანიც ჩააგდო. მისმა ნასროლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 101:78.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე უხვქულიანი გუნდია მთელს B დივიზიონში: კოკოშკოვის შეგირდებმა ყველაზე მეტი ქულა მიითვალეს საწყის სამ ტურში, თანაც საქართველოს გარდა ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ გადააბიჯა 100–ქულიან ზღვარს. ეს ქართველებმა სლოვაკეთში შეძლეს და 17 სექტემბერს უკვე შვედებთან გავლენ საბრძოლველად.
სატურნირო ვითარება