საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრიესტში იტალიასთან ბოლო წამებზე 90:91 წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრიესტში იტალიასთან ბოლო წამებზე 90:91 წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო. პირველივე მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე მასპინძელი იტალია იყო, რომელმაც 12 დღის წინ, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებს იოლად – 87:67 მოუგო.ქართველებს ძალიან ცოტა დააკლდათ მასპინძლების დამარცხებამდე, ქართველებს ბოლო წამებზე იღბალმა აქცია ზურგი. 
მთელი თამაშის განმავლობაში ქართველები ღირსეულად ეთამაშებოდნენ იტალიელებს და ტოლს არაფერში უდებდნენ. მატჩის დასრულებამდე 5:30 წუთით ადრე იგორ კოკოშკოვის გუნდი 4 ქულით – 83:79 იგებდა, თუმცა შემდეგ იტალიელებმა, რომელთაც 7-ათასიანი დარბაზის სანახევროდ შევსებული ტრიბუნები უჭერდა მხარს, ძირითადად შორი სროლებით მოახერხეს მათთვის სასარგებლო ანგარიშის დაფიქსირება.
ზედიზედ შესრულებული 3 სამქულიანის შემდეგ (2 დანიელ ჰაკეტი, 1 დანილო გალინარი) იტალიელები საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 88:83 დაწინარუდნენ. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა მაშინ, როცა ზაზა ფაჩულიას საჯარიმოების შემდეგ ანგარიში 85:88 შევამცირეთ, შეტევაში მატჩის დასრულებამდე 1.17 წუთით ადრე ბურთი დავკარგეთ. მიხედავად ამისა, გიორგი ცინცაძის ზუსტ გარღვევას დასრულებამდე 50 წამით ადრე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება მოჰყვა, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ რამდენიმე წამში სამქულიანით წინ გაიყვანა საქართველო – 90:88.
იტალიას თამაშის გადასარჩნად 20 წამი ჰქონდა და ამადეო დე ლა ვალემ დასრულებამდე 9 წამით ადრე სამიანი ჩაგვიგდო. ქართველებს 9 წამი ჰქონდათ შეტევისთვის და 2 სროლა ვერ გამოიყენეს. 3-იანი ჯეიკობ პულენმა გააცუდა, დამატებაზე კი ზაზა ფაჩულიას ჩაგდებული ბურთი ამოვარდა კალათიდან. ზაზამ კიდევ ერთხელ დაამატა, თუმცა… მსაჯებმა დრო დასრულდაო. საბოლოოდ 91:90 იტალიელთა ურთულესი გამარჯვება.
საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი გახდა ჯეიკობ პულენი, რომელმაც 21 ქულა, 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. 19 ქულა დააგროვა მანუჩარ მარკოიშვილმა, ხოლო 13-13 ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ. 20 წუთში 9 ქულა მიითვალა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გაისარჯა.
იტალიის ნაკრებში 22 ქულით საუკეთესო შედეგი ალესანდრო ჯენტილემ დააფიქსირა, რომელმაც თამაშიდან ნატყორცნი 8 სროლიდან 7 ჩააგდო. 18 ქულა მიითვალა დანიელ ჰაკეტიმ, ხოლო ანილო გალინარიმ და მარკო ბელინელიმ 14-14 ქულა მიითვალეს. 
საქართველო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და ეს თამაში იტალიაში რომ არ ჩატარებულიყო, ალბათ კოკოშკოვის გუნდის გამარჯვებით დასრულდებოდა. ბოლო წუთებზე, საკვანძო მომენტებში, მსაჯებმა არაერთი აშკარა ჯარიმა არ დააფიქსირეს მასპინძლებზე. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. ქართველმა გულშემატკივარმა ამ მატჩს პირველ არხზე, პირდაპირ ეთერში უყურა.
საქართველოს ნაკრები ტრიესტის ტურნირის მეორე დღეს, 29 აგვისტოს რუსეთის ნაკრებს გაეჯიბრება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.
ტრიესტის ტურნირი. 28 აგვისტოიტალია 91:90 საქართველო24:19, 24:26, 23:25, 20:20 
სრული სტატისტიკა იხილეთ 91:90