საქართველოს კადეტთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩიც წააგო, ამჯერად პოლონეთთან 57:86 და ელიტარულ A დივიზიონში ადგილი დაკარგა. გელა წულაძის გუნდს იმედის ნაპერწკალი შერჩენილი ჰქონდა, რაკი მანამდე უნგრეთმა იტალიასთან წააგო და ქართველებს რომ პოლონელები 25 ქულით დაემარცხებინათ, ელიტაში ადგილს ინარჩუნებდნენ.
ირაკლი ალხანაიძე მეტოქის დაფარებას ცდილობს
ეს ნაპერწკალი მთელი ჩვენებისთვის პოლონელებთან პირველი ტაიმის შემდეგ ჩაქრა. მართალია, სლავები უსაშველო ანგარიშით არ გვიგებდნენ, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ჩანდა, რომ ქართველები 25 ქულით მომგებები არ იყვნენ.პოლონელები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, მცირე უპირატესობას მთელი პირველი ტაიმი ინარჩუნებდნენ. ქართველები ცდილობდნენ წამოწევას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. როგორც მანამდელ მატჩებში, გელა წულაძის გუნდი ამჯერადაც სამქულიანებს მიეძალა, მაგრამ არც ამჯერად ნახა ამ საქმიდან ხეირი.პოლონელებმა პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგეს, გადამწყვეტი მეოთხედის წინ 52:46 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში დიდი სხვაობით გამარჯვება მაინც მოახერხეს. წულაძის გუნდისთვის ყველაფერი გარკვეული იყო, ისინი 25 ქულით ვეღარ მოიგებდნენ და ჩვენებს ბოლო მეოთხედში თავი აღარ გამოუდვიათ – 12:34 დათმეს ათწუთეული და მასთან ერთად დიდი ანგარიშითაც დამარცხდნენ.საქართველოსთან ერთად A დივიზიონი დატოვა უნგრეთმა, ხოლო ქვედა ეშელონიდან ელიტაში გერმანია და ჩერნოგორია ამოვიდნენ.