საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა კომისიამ განიხილა საქართველოს V ახალგაზრდული ჩემპიონატის მეექვსე ტურის, “ენერჯი ინვესტისა” და “თბილისის” შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი და შემდეგი განაჩენი გამოიტანა.
“ენერჯი ინვესტის” მთავარ მწვრთნელს, ბადრი კიკვიძესა და მის ასისტენტს, ირაკლი ჯაფარიძეს, აღნიშნული მატჩის მსაჯის, გურამ მიქელაძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დაეკისრათ სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 500 (ხუთასი) პირობითი ერთეულის ოდენობით. გარდა ამისა, მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, “ენერჯი ინვესტის” მოთამაშეს თვაურს დაეკისრა დისკვალიფიკაცია ერთი თამაშის გამოტოვებითა და 100 (ასი) პირობითი ერთეულის ოდენობით.
ამასთან ერთად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისია მკაცრად გააკონტროლებს დასჯილ მწვრთნელთა დასწრებას თამაშებზე, რათა ისინი დასხდნენ მხოლოდ ტრიბუნაზე, მოედნიდან მოშორებით და არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ თამაშის წაყვანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ სანქციები გამკაცრდება, თამაშზე დასწრების აკრძალვის ჩათვლით.