ბოლო ხანს საქართველოს XVI ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რამდენიმე ხელმძღვანელისგან, ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციებზე, საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებში ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ესა თუ ის გუნდი ჩემპიონატის ფლეი-ოფებისთვის აპირებს საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი კალათბურთელების დამატებას და ამით თავიანთი გუნდების გაძლიერებას.
დღევანდელ დღეს აღნიშნული მოსაზრება სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულია, რადგან საქართველოს XVI ჩემპიონატის (სუპერლიგა 2006-07) დებულების 6.5 პუნქტში ნათლადაა მითითებული:“კლუბმა (გუნდმა) შეიძლება დაიმატოს უცხოურ კლუბებში (გუნდებში) ლიცენზირებული ქართველი მოთამაშე იმ პირობით, რომ მას დაუმთავრდა უცხოური კონტრაქტი. Aმ შემთხვევაში დამატებითი განაცხადი და გათავისუფლების წერილი სკფ-ს უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს ერთი კვირისა მეოთხე წრის დაწყებამდე.” მოთამაშეთა დამატების ვადები იგივეა უცხოურ კლუბებში (გუნდებში) ლიცენზირებული უცხოელი კალათბურთელებისთვისაც.ჩემპიონატის მეოთხე წრე დაიწყო 9 მარტს, შესაბამისად, დამატებების ბოლო ვადა უნდა ყოფილიყო 2007 წლის 2 მარტი. თუმცა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ ჩემპიონატის ადრეულ სტადიაზე გაითვალისწინა კლუბების ინტერესები და აღნიშნული ვადა გააგრძელა 2007 წლის 8 მარტამდე. ამ პერიოდამდე მოთამაშეთა დამატება მოახდინა ორმა კლუბმა – ყოველგვარი დოკუმენტაციის დროულად და სწორად წარმოდგენის შემდეგ თბილისის “თბილავიამშენმა” განაცხადში შეიყვანა ბიქტორ კვიმსაძე, ხოლო რუსთავის “აზოტმა” – ირანიდან გათავისუფლებული სერბი კალათბურთელი ბოიან მალეშევიჩი.საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2007 წლის 8 მარტამდე არ მიუღია არცერთი სხვა გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოთამაშეთა დამატების თაობაზე.აქედან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უფლებას იტოვებს განაცხადოს, რომ იმ გუნდების ხელმძღვანელებს, რომლებიც დღემდე აცხადებენ, რომ ფლეი-ოფისთვის იმატებენ ამა თუ იმ მოთამაშეს, ან წაკითხული არ აქვთ დებულება და არც ზოგადი წარმოდგენა არ გააჩნიათ მოთამაშის დამატების წესზე, ან შეგნებულად, მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო აკეთებენ მსგავს განცხადებებს, რითაც ღრმა შეცდომაში შეჰყავთ გულშემატკივრები და საზოგადოება. პარალელურად, ახდენენ ჩემპიონატის დებულების იგნორირებას და უგულებელყოფას.საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ არავის მიეცემა დებულების დარღვევის უფლება. ჩემპიონატში დასრულებულია ყოველგვარი სატრანსფერო პერიოდი და გუნდები ჩემპიონატს დაამთავრებენ იმ მოთამაშეებით, რომლებიც მათ განაცხადში შერჩათ 2007 წლის 8 მარტის შემდეგ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია