28 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომელსაც გამგეობის 11 წევრიდან 10 დაესწრო.
გამგეობის გადაწყვეტილებით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ დავით უსტიაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში. ჩემპიონატი 2008 წლის 1-10 აგვისტოს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში გაიმართება.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მიხეილ კობეშავიძე. ეს ნაკრები იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომლის მატჩებიც 2008 წლის 25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გაიმართება.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გელა წულაძე. 16-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში. ეს შეჯიბრება 2008 წლის 15-24 აგვისტოს იტალიის ქალაქებში, კიეტისა და პესკარაში გაიმართება.
გამგეობის გადაწყვეტილებით, ფედერაციის მსაჯთა კომიტეტს მურმან ქურიძის ნაცვლად უხელმძღვანელებს ანტონ კაზანჯიანი, ხოლო კაზანჯიანის ადგილს ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გია მიქაძე დაიკავებს.