საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს წლეულს თბილისში აღარ გამართავს, ეს ჯერ კიდევ 21 აგვისტოს გაირკვა. ჩვენი კონტინენტის საკალათბურთო მმართველმა ორგანიზაცია ფიბა-ევროპამ საქართველოში მიმდინარე დაძაბული პოლიკიტური მოვლენები გაითვალისწინა და თბილისში გასამართი შეხვედრები ჩვენს მეტოქეთა მოედანზე გადაიტანა.კერძოდ, საქართველოს 5 სექტემბერს თბილისში ლუქსემბურგთან უნდა ეთამაშა, ხოლო 13 სექტემბერს სლოვაკეთს დახვედროდა, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, ეს მატჩები მეტოქე ქვეყნებში გადაიტანეს.აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გეგმები მთლიანად შეიცვალა. იგორ კოკოშკოვის გუნდი უკვე ნახევარი თვეა, საზღვარგარეთაა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამხანაგურ მატჩებს მართავს. შესაბამისად, ჩვენები თბილისში არ დაბრუნდებიან და სანამ ყველა საკვალიფიკაციო მატჩს არ მოილევენ, ევროპაში იქნებიან. ჩვენი ნაკრების ევროპული განრიგი ასე გამოიყურება:
– 29-30 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ქალაქ ბადენში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს ავსტიის ეროვნულ გუნდთან.
– 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე საქართველოს ნაკრები ავსტრიის დედაქალაქ ვენასთან ახლოს მდებარე სპორტულ კომპლექსში დაბანაკდება და საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
– 5 სექტემბერს იგორ კოკოშკოვის გუნდი ლუქსემბურგში გაემგზავრება და მეორე დღეს მასპინძლებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს.
– 7-8 სექტემბერს ქართველები ლუქსემბუგრში გაატარებენ და რამდენიმე ვარჯიშს გამართავენ.
– 8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვენაში დაბრუნდება და მეორე დღეს ირლანდიიდ დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრება.
– 10 სექტემბერს ჩვენი ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო მატჩს ირლანდიასთან ითამაშებს და მეორე დღეს ვენის გავლით სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩაფრინდება.
– 11-12 სექტემბერს იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვაკეთში მოემზადება, ხოლო 13-ში მასპინძლებს ევროჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩში დაუპირისპირდება.
– ჩვენი ნაკრები 15 სექტემბრამდე სლოვაკეთში დარჩება და მერე შვედეთში, დედაქალაქ სტოკჰოლმის გავლით ქალაქ უმეოში ჩავა, სადაც ჯერ ივარჯიშებს და მერე, 17 სექტემბერს, ბოლო წლევანდელ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს.