საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აგრძელებს რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა სამცე-ჯავახეთის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან – ზაზა მელიქიძესთან მოაწყო.

პაატა გურასპაული ახალციხეს  მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინთან, სამცხე-ჯავახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზურა ტომარაძესთან და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან – ზაზა ღონღაძესა და ალეკო პეტრიაშვილთან ერთად ესტუმრა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მსოფლიოს ჩემპიონი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადმინისტრაციის შენობაში მიიღო, სადაც გაიმართა საუბარი რეგიონში კალათბურთის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და ახალციხეში მწვრთნელთა გადამზადებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა ბორჯომ-პარკის დირექტორი ლაშა ცაგარეიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ყოფილი კალათბურთელი გიორგი ბეროშვილი, რომელიც ახალციხელ მოზარდებს კალათბურთში ავარჯიშებს.

საუბარი შეეხო კონკრეტულ მიმართულებებს, რაზეც მხარეები იმუშავებენ, რათა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სპორტული, კერძოდ კი კალათბურთის მაღალი დონის ინფრასტრუქტურა მოეწყოს. დაიგეგმა მომავალი ნაბიჯები, რის შემდეგაც პაატა გურასპაულმა გუბერნატორს  მისი სახელობის ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა. კახა სამხარაძეს ფედერაციის წარმომადგენლებმა ნაკრების წევრთა ხელმოწერებით დამშვენებული საკალათბურთო ბურთი აჩუქეს.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ კახა სამხარაძე და კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ, სადაც მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე შეუერთდა. ახალციხის მერმა კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ მოხდება სპორტსკოლაში საკალათბურთო დარბაზის რეაბილიტაცია. დარბაზი, რომელიც სრულიად სარემონტოა და რომელიც მხოლოდ ვარჯიშზეა გათვლილი, რეკონსტრუქციის შემდეგ სათამაშო არენად გადაიქცევა. ორივე მხრიდან დარბაზს მოენგრევა კედლები და მიშენდება ტრიბუნები, გარემონტდება საშხაპეები და აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ხოლო კალათბურთისთვის აუცილებელ ატრიბუტიკას – ფარებს, ბურთებს, ბადეებს… საქართველოს კალათბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

ახალციხის სპორტსკოლის  შესასვლელში დიდ ქართველ სპორტსმენებთან ერთად ნიკოლოზ დერიუგინის ფოტოსურათია გამოფენილი, რომლის ნახვაც ცოცხალი ლეგენდისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ნიკოლოზ დერიუგინთან სამახსოვრო სურათის გადაღების მსურველი ახალციხეში ბევრი აღმოჩნდა.