საქართველოს ნაკრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემა “არენაში” მიიწვიეს, სადაც საუბარი ნაკრების სავარჯიშო ციკლზე, დამდეგ მატჩზე ავსტრიასთან, გარემონტებულ სპორტის სასახლესა და კიდევ უამრავ საკითხზე იყო.
გადაცემის სტუმრები იყვნენ მოთამაშეები ტაირონ ელისი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი და კოტე ტუღუში, ასევე ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი კენ შილდსის, დავით უსტიაშვილისა და ჯეისონ სტაუდტის სახით. სპეციალურ სტუმრებად “არენას” წამყვანმა დავით მინაშვილმა მიიწვია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი და ჟურნალისტები, “სარბიელიდან” ირაკლი პერტაია და “ლელოდან” ვაჟა სიმონიშვილი.
გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში უამრავი ზარი შემოვიდა და უკლებლივ ყველა გულშემატკივარმა ჩვენს ეროვნულ გუნდს დამდეგ შეხვედრებში წარმატება და შემდეგ ეტაპზე გასვლა უსურვა. ნაკრების კაპიტანმა ვატო ნაცვლიშლმა კი გამოთქვა იმედი, რომ გულშემატკივართა ტრადიციული, დიდი მხარდაჭერით საქართველოს ნაკრები ყველა ბარიერს გადალახავს და ლამაზი და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშით გამოიჩენს თავს.