საქართველოს ნაკრები ლიტვასთან ბრძოლაში დამარცხდა და ევრობასკეტს ღირსეულად ემშვიდობება

საქართველოს ნაკრები ლიტვასთან ბრძოლაში დამარცხდა და ევრობასკეტს ღირსეულად ემშვიდობება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად ემშვიდობება. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში ტოლი არაფერში დაუდო ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვას და თანაბარ, ღირსეულ ბრძოლაში – 81:85 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა არსებობის მანძილზე პირველად ითამაშა ევროპირველობის პლეი ოფში და ცოტა დააკლდა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად.
მატჩის პირველ მეითხედში საქართველომ ტოლი არაფერში დაუდო ძლიერ მეტოქეს. ქართველები დალაგებულად თამაშობდნენ დაცვაში, შეტევაში კი სწრაფად გადადიოდნენ და კომბინარებულად უტევდნენ. ლიტველებს თავიდან ფარქვეშ წაუვიდათ თამაში, რასაც ჩვენი ნაკრების ჯარიმები მოჰყვა და ლიტველებმა პირველ მეოთხედში 8 საჯარიმო ესროლეს. ქართველებს კი არც ერთხელ უსვრიათ საჯარიმო, თუმცა შესანიშნავად ლაშქრავდნენ მეტოქის კალათს ახლო და შორი მანძილებიდან, რისი წყალობითაც პირველი მეოთხედი 20:17 მოიგეს.

ქართველებმა პირველ მეოთხედში 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდეს, ხოლო პერიმეტრსშიგნიდან გაცილებით ზუსტად უტევდნენ – 10-დან 7 ორიანი ჩააგდეს და ამის წყალობით ლიდერობდნენ კიდეც. მეორე პერიოდიდან ლიტველებმა საქმე ვერ გამოაკეთეს. ზაზა ფაჩულიამ ფარქვეშ პოზიციები გაიმაგრა და ერთ-ერთ შეტევისას იონას ვალანჩუნასს მე-3 ჯარიმა აჰკიდა. ზაზამ ეგრედ წოდებული „ენდ ვანი“ ჩააგდო და ქართველების პირველ ტაიმის სარეკორდო უპირატესობაც დაფიქსირდა – 33:24 მეორე პერიოდის მე-5 წუთისთვის.
ლიტვის ნაკრები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ზონურ დაცვაზე გადაეწყო, რამაც გაამართლა. ქართველები ვერ ახერხებდნენ საჯარიმოში შესვლას, ხოლო შორი სროლები ვერ გამოიყენეს. სიტველებმა ამით ისარგებლეს და სწრაფი შეტევებით ჩანმორჩენა შეამცირეს. დიდი შესვენებისთვის საქართველოს 9-ქულიანი ლიდერობიდან 1 ქულა დარჩა – 40:39.

მეორე ტაიმი ლიტველებმა შედეგიანად დაიწყეს და ის , რაც მთელი პირველი ტაიმი არ გამოსდიოდათ, საწყისწუთებშივე მოახერხეს. კალნიეტისის და მასიულისის ქულებით ბალტიელები 7:0 გაიქცნენ და 46:40 დაწინაურდნენ. ქართველების პასუხი უკეთესი იყო – სანიკიძის 5 ქულით და ფაჩულიას ორიანით ქართველებმა ლიდერობა დაიბრუნეს – 47:46. ამით თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. ზაზა ფაჩულიამ 2 ზუსტი შორეული ორქულიანი ჩააგდო, რასაც გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი მოჰყვა მარკოიშვილის მისამართით და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3,30 წუთით ადრე საქართველო 6 ქულით დაწინაურდა – 55:49. ლიტველებმა ეს უპირატესობაც გაგვიბათილეს და მასიულის-კუზმინსკასის შედეგიანობით ისევ 1 ქულამდე მოგვიახლოვდნენ. ქართველებს შეეძლოთ ხელჩასაჭიდი ლიდერობით დაესრულებინათ მესამე პერიოდი, მაგრამ.. ბოლო წუთზე შეტევაში შეცდომების გამო 6-ქულიანი ლიდერობა გაანიავეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 1 ქულას იგებდნენ – 62:61.
ბოლო პერიოდში საქართველოსთვის ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. თორნიკე შენგელიამ მე-4 პერსონალური მიიღო თორნიკე შენგელიამ და სანამ მოედნიდან გავიდოდა, მსაჯებმა მეხუთეთიც დააჯარიმეს და ქართველებს ერთ-ერთი მთავარი იმედი თამაშის დასრულებამდე 7,30 წუთით ადრე გამოაკლდათ. ლიტეველებმა ამ მომენტში ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა ქართველები არ გატყდნენ და შეხვედრა ბოლო წუთებამდე თანაბრად გაგრძელდა. 
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წუთებზე 2 გაცუდებული შეტევა, რაც ლიტველებმა არ გვაპატიეს და ზუსტი შეტევებით მატჩის დასრულებამდე 1:48 წუთით ადრე უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს – 79:71. საბოლოოდ საქართველომ ვერ მოახერხა მატჩის შემოტრიალება და მატჩს, რომელსაც მეტოქეზე მეტ ხანს იგებდა, დასანანად წააგო.
ქართველებმა 8-ქულიანი ჩამორჩენა საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე 1 ქულამდე შეამცირეს, რაც პულენისა და დუდა სანაძის შედეგიანობას მოჰყვა. ქართველები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, საამისოდ 1 შეტევის მოგერიება იყო საჭირო, მაგრამ ლიტველთა ამ მატჩის გმირმა იონას მაჩიულასმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და ბალტიელთა ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა. ჯეიკობ პულენმა დასრულებამდე 7 წამით ადრე საჯარიმოებით ანგარიში 81:83 გახადა ანგარიში, მაგრამ გამოცდილმა ლიტველებმა ბურთი გონივრულად დაიჭირეს, საჯარიმოების სროლის უფლება მოიპოვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს – 85:81.
დიდი შედეგიანობით გამოირჩა იონას მაჩიულისი, რომელსაც ლიტველები გამარჯვებას უნდა უმადლოდნენ. ბალტიელმა სნაიპერმა 34 ქულა მიითვალა სროლათა ფანტასტიკური მაჩვენებლებით: 9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 9-დან 9 საჯარიმო. ქართველებს 23 ქულით ზაზა ფაჩულიამ ულიდერა, 14 ქულა მიითვალა ვიქტორ სანიკიძემ, ხოლო ჯეიკობ პულენის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. 10-10 ქულა ჰქონდათ გიორგი ცინცაძეს და თორნიკე შენგელიას, რომელიც ნაადრევად რომ არ გავარდნილიყო, დიდი შანსი იყო, ქართველებს მეოთხედფინალში გასვლა ეზეიმათ.
 
ევროპის ჩემპიონატი.მერვედფინალი. ლილი. საფრანგეთი. 13 სექტემბერი ლიტვა 85:81 საქართველო 17:20, 22:20, 22:22, 24:19
სრული სტატისტიკა: 85:81
საქართველო: ფაჩულია (23 ქ. 7 მ. 3 პ.), სანიკიძე (14 ქ. 7 მ.), პულენი (12 ქ.), შენგელია (10 ქ.), ცინცაძე (10 ქ.), სანაძე (6 ქ.), მარკოიშვილი (6 ქ.)
ლიტვა: მაჩიულისი (34 ქ.), იანკუნასი (17 ქ.), კალნიეტისი (11 ქ.), სეიბუტისი (7 ქ.), მილანკნისი (6 ქ.), ვალანჩუნასი (5 ქ.), კუზმინსკასი (3 ქ.), იავტოკასი (2 ქ.)