გორდონ ჰერბერტმა ორი ახალგაზრდა შეაქო
თბილისის “დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო.ეროვნული გუნდის მთავარი მწვცრთნელი გორდონ ჰერბერტი ძირითადად სუპერლიგის მოთამაშეებს აკვირდებოდა, თუმცა იყვნენ მოწვეული მოთამაშეებიც, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს პირველი დღის ნაყოფიერად დასრულებაში.სუპერლიგიდან ნაკრების კანადელმა სპეციალისტმა ნახა ზვიად ბაბიაშვილი, ირაკლი ხოშტარია (ორივე “თბილავიამშენი”), შიო ხეცურიანი, ბესიკ ლეჟავა, მიხეილ ბერიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი (ყველა თსუ), გიორგი მარკოიშვილი, გიორგი გამყრელიძე, კოტე ტუღუში, რეზო დიდია, დავით უგრეხელიძე (ყველა “აზოტი”). მათ შეუერთდნენ გიორგი მამაცაშვილი, გიგი ბარბაქაძე და ვაჟა მეტრეველი. უკანასკნელი ორი 16 წლისაა, თუმცა ჰერბერტი კმაყოფილი დარჩა ორივეს გამოსვლით და ვარჯიშის დასრულების მერე მასმედიასთან საუბარში შეაქო ახალგაზრდები.მიკროტრავმის გამო ვერ ივარჯიშა “მაკაბის” ლიდერმა და ახალგაზრდული ნაკრების წევრმა (ისევე როგორც დიდია, მათიაშვილი და ბერიშვილი) გიორგი შერმადინმა, ხოლო ანატოლი ბოისა (“აზოტი”) კი გუნდს ხვალ შეურთდება.
ვარჯიშის ბოლოს ჰერბერტმა თავის ასისტენტ დავით უსტიაშვილთან ერთად სამი გუნდი გააკეთა და დაახლოებით ერთი საათი ბიჭები ათამაშა. შეკრების პირველი დღის წარმართვაში გორდონ ჰერბერტსა და მის ასისტენტს საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი არჩილ ჟღენტი ეხმარებოდა.საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ჟღენტი თურქეთში საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარზე მიავლინა, სადაც მან სამწვრთნელო სერტიფიქატი მიიღო. სხვათა შორის, აჩიკოსთან ერთად თურქეთში გორდონ ჰერბერტიც იმყოფებოდა, რომელიც, ჟღენტის თქმით, საზღვარგარეთ უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და მასაც ბევრი საჭირო რჩევით დაეხმარა.გორდონ ჰერბერტი სანაკრებო კანდიდატებს პირველი შეკრებიდან მისი დასრულებიდან 3 დღის მერე შეარჩევს, ხოლო ლეგიონერები კი გუნდს 18 ივლისს შეუერთდებიან, რის მერეც ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობით გაივლის.