საქართველოს ნაკრებმა ესტონური ტურნირი შვედეთის ძლევით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ესტონური ტურნირი შვედეთის ძლევით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის ოთხთა ტურნირი დაასრულა. დღევანდელ მატჩში იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა 82:74 დაამარცხა შვედეთი და თუკი დღეს დარჩენილ ტურნირის ბოლო მატჩში ესტონეთი ამერიკელებთან დამარცხდება, საქართველო ტურნირის გამარჯვებული გახდება.
 
სიმართლე ითქვას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ეს საკუთარ განცხადებაში ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმაც აღნიშნა, რომელსაც ბოლოს შემოგთავაზებთ. ესტონელებმა მსაჯების დახმარებით ყველაფერი გააკეთეს, რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველო დაემარცხებინა და ეს მოახერხეს კიდეც. ამ წაგების შემდეგ ქართველებმა დამაჯერებლად დაამარცხეს ამერიკის საუნივერსიტეტო ნაკრები და შვედეთი.
 
დღევანდელი მატჩი შვედებმა უკეთესად დაიწყეს. პირველი მეოთხედი 2 ქულით მოგვიგეს, მეორე – 3-ით და დიდი შესვენებისთვის 49:44 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედი ქართველებმა საუცხოოდ ჩაატარეს. მანუჩარ მარკოიშვილის, ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის ძალისხმევით კოკოშკოვის გუნდმა ათწუთეული 22:7 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 10 ქულით დაწინაურდა. დარჩენილ დროში ქართველებმა მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვეს და 8 ქულის სხვაობით – 82:74 გაიმარჯვეს.
 
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ აჩვენა, რომელმაც 20 ქულა, 15 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მანუჩარ მარკოიშვილმა 20 წუთში 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ 14 ქულას მოუყარა თავი. საინტერესო სტატისტიკა ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც 12 წუთში 8 ქულა და 3 დაფარება მიითვალა. რაც შეეხება ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრ თორნიკე შენგელიას, მან 14 წუთში 9 მოხსნა, 4 ქულა და 2 პასი დააგროვა.
 
ამასობაში ტურნირის ბოლო მატჩში ესტონეთმა ამერიკელები დაამარცხა. საინტერესო მომენტი ის გახლავთ, რომ ამერიკელები თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე 54:48 იგებდნენ და მომდევნო 5 წუთი 0:17 წააგეს. საბოლოოდ კი ესტონეთმა 75:64 იმარჯვა და სამი მოგებით ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
 
 
ესტონეთი                3          3          0          6
საქართველო            3          2          1          5
NCAA-ს ნაკრები      3          1          2          4
შვედეთი                  3          0          3          3
 

 
ტალინის საერთაშორისო ტურნირი. ოთხი ერის თასი. 7 აგვისტო
საქარეთველო 82:74 შვედეთი
23:25 21:24 22:7 16:18
 
 
 
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
 
„ჩემთვის ტურნირის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ერთადერთი, რისთვისაც ამ ტურნირში ვიღწვოდით, გუნდის წევრების შეთამაშება და კომბინაციების სრულყოფა იყო. მიხარია, რომ ამ მხრივ ყველაფერი წინ მიდის. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ეს ესტონეთის ტურნირმა კარგად გამოაჩინა. ავსტრიაში კმაყოფილი ვბრუნდებით და მოსამზადებელ პროცესს გავაგრძელებთ, რის შემდეგაც უკვე ჰოლანდიის ტურნირი გველის. ვეცდებით, ის მატჩებიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს და ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალურად მომზადებული წარსდგეს“.