საქართველოს ნაკრებმა ინგლისს მოუგო!

მანუჩარ მარკოიშვილმა ბულზის ვარსკვლავი დაჩრდილა
საქართველოს ნაკრებმა თავისი მოსამზადებელი პროგრამით კიდევ ერთი ტესტ-მატჩი ჩაატარა და ამჯერად ლუოლ დენგით გაძლიერებული ინგლისი 65:63 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დენგის დებიუტი ნაკრებში და “ჩიკაგო ბულზის” ვარსკვლავმა თავის გუნდს  19 ქულა შესძინა.
ნაკრებს დაუბრუნდა ზაზა ფაჩულია, რომელმაც ამჯერად ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა. “ჰოქსის” ვარსკვლავს მთელი შეხვედრის განმავლობაში მჭიდროდ მეურვეობდნენ, რითაც ჩვენმა დანარჩენმა მოთამაშეებმა ისარგებლეს და ქულათა მარაგი მანუჩარ მარკოიშვლიმა და ტაირონ ელისმა გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილმა 6 სამქულიანიდან 4 ზუსტად შეასრულა.
კვლავ საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც არცთუ დიდ დროში 11 ქულითა და 6 მოხსნით გამოიჩინა თავი.

დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რამდენიმე იოლი სროლა ვერ გამოვიყენეთ, მთლიანობაში ნაკრებმა მაინც სოლიდურად ითამაშა, რაც, პირველ რიგში, დაცვაში თამაშს ეხება. გუნდური დაცვით მეტოქეს ბურთის სწრაფად გადატანის საშუალება არ მივეცით და რაც მთავარია, მანუჩარ მარკოიშვილმა ხელ-ფეხი შეუკრა ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს, ლუოლ დენგს, რომელიც ძალიან ძლიერი მოთამაშეა.ინგლისელები ზაზა ფაჩულიას ორმაგი და რიგ ეპიზოდებში სამმაგი დაცვითაც იყვანდნენ, მაგრამ ზაზამ თავისი წილი ქულა-მოხსნა მაინც დააგროვა. მოგება სასიხარულოა, თუმცა წინ მაინც ბევრი სამუშაო გვაქვს”.
გულშემატკივარი და თანაც, სპეციალური, არც საქართველოს ნაკრებს მოკლებია – ჩვენი ეროვნული გუნდის საქომაგოდ პოში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი და ირაკლი გიორგაძე ჩავიდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა ბიჭებს, საქართველოს საკალათბურთო სამყარო კი მორაგბეებს დამდეგ მსოფლიო თასზე დიდ წარმატებას უსურვებს.
საქართველო – ინგლისი 65:63საქართველო: გამყრელიძე (1 ქ), ელისი (15 ქ), მანუჩარ მარკოიშვილი (17 ქ. 4 მ), ნაცვლიშვილი (3 ქ), ფაჩულია (12 ქ. 12 მ. 3 პ) – სანიკიძე (11 ქ. 6 მ), ცინცაძე (4 ქ), უგრეხელიძე (2 ქ), ბაბიაშვილი, ა. ბოისა – შერმადინს, ტუღუშსა და ლეჟავას არ უთამაშიათ.