საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა

საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.

დღეს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის „თბილისი არენაზე“ ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. გამომდინარე იქიდან, რომ ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ნაკრებში ყველა ლეგიონერი და სუპერლიგის რამდენიმე მოთამაშე ვარჯიშზე არ იყო. ნაკრებში გამოძახებული 19 კალათბურთელიდან ალეკსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში დღეს 10 კალათბურთელი იყო. ლეგიონერებს – თორნიკე შენგელიას, რატი ანდრონიკაშვილს, მარკის რიდს, გიორგი კორსანტიასა და ალექსანდრე ფევაძეს თბილისში არც ელიან – ისინი ნაკრებს საბერძნეთში შეუერთდებიან, ხოლო „კსუ-კავკასიის“ ცენტრ გიორგი ტურძილაძესა და ბათუმელ გიორგი ოჩხიკიძეს 18 ნოემბერს ევროტურნირების თამაშები ელით და ნაკრებს საბერძნეთში გამგზავრებამდე 2 დღით ადრე – 20 ნოემბერს შეუერთდებიან.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, როგორც დავაანონსეთ, დღევანდელ ვარჯიშზე 12 მოთამაშეს ელოდნენ, თუმცა რუსთაველ ნიკოლოზ გაფრინდაშვილსა და ზესტაფონელ კახა ჯინჭარაძეს ვარჯიშში ხელი ტრავმებმა შეუშალა. ჯინჭარაძე დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა მწყობრში არყოფნის გამო არ უვარჯიშია.

ჯიკიჩის განკარგულებაში ეს კალათბურთელები იყვნენ: ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომა ჭინჭარაული და საბა გიგიბერია. სერბმა სპეციალისტმა კალათბურთელები კონკრეტულ კომბინაციებზე ავარჯიშა, რითაც მათი მზადყოფნა და მოედნის ხედვა შეამოწმა. ვარჯიშზე მყოფი მოთამაშეების უმეტესობა ხომ ნაკრების კანდიდატია, ხოლო 3 მათგანი სულაც დებიუტანტია, რომლებსაც მთავარი მწვრთნელისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი.

ნაკრები თბილისში 21 ნოემბრის ჩათვლით ივარჯიშებს, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრება და ამ ქვეყნის ნაკრებთან 26 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის მზადებას ათენში გააგრძელებს.