საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ტალინში, “საკუ არენაზე” 80:73 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) დაამარცხა ესტონეთის ეროვნული ნაკრები, რითაც ცხრილში კონკურენტ ისრაელს გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრების უპირატესობის ხარჯზე მის წინა, მე-4 ადგილს იკავებს.
არადა ისრაელმა დღეს, თელ ავივში სერბეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის, ანუ სამეულში მოხვედრის ამბიცია გაუჩნდა. შესაბამისად, 3 დეკემბერს, თბილისში გასამართი მატჩი ქართველებისთვის უმძიმესი იქნება, რადგან ებრაელების ბედი თავიანთ ხელშია: თუკი დარჩენილ 3-ივე შეხვედრას მოიგებენ, სერბეთს გადაასწრებენ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავლენ. საქართველოს სერბეთთან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებული 2 მარცხი უფუჭებს საქმეს და ზუროსის გუნდის ჯგუფიდან გასვლის ბედი მხოლოდ ჩვენებზე არაა დამოკიდებული.
რაც შეეხება ტალინში გამართულ შეხვედრას, პირველი პერიოდი არცთუ იოლი გამოდგა. ესტონელები სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩვენებს, მჭიდრო დაცვით ეთამაშებოდნენ და შეცდომების დაშვებას აიძულებდნენ. სწრაფი შეტევებით ესტონელებმა საკმაოდ ქულები მოიხვეჭეს და მიუხედავად გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის შედეგიანობისა, პირველი პერიოდი 3 ქულით – 19:22 დათმეს.
მეორე მეოთხედში ქართველებმა უპირატესობა მოიპოვეს. შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა დაცვაც გაამაგრეს და შეტევაშიც უხვად ამარაგებდნენ შერმადინს, რომელიც პირველი ნახევრის შემდეგ მოგროვებული 15 ქულით, რომ იტყვიან, შეუჩერებელი გახლდათ. ქართველების გაქცევის შემდეგ, მეორე მეოთხედის ბოლოსწინა წუთზე ჩვენმა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა ბოლო წამზე ესტონელებმა ჩვენი შეცდომით ისარგებლეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ – 32:41.
მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, რომლებმაც ჯერ ორქულიანი, შემდეგ სამიანი ჩააგდეს და ილიას ზუროსი აიძულეს, წუთშესვენება აეღო. ესტონელებმა მაინც შეუპოვრად განაგრძეს თამაში და ერთ მომენტში ქართველებს ჩამორჩენა მინიმუმამდე გაუბათილეს. ჩვენი გუნდი მალევე გამოცოცხლდა, გიორგი ცინცაძის და თად მაკფადენის ზუსტი მოქმედებით თამაში დალაგდა და მესამე პერიოდის დასკვნით წუთებში დუდა სანაძისა და შერმადინის შედეგიანობით საქართველომ კვლავ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა.
დასკვნითი პერიოდის წინ სტატუს-კვო აღდგა, ესტონეთი ისევ 9 ქულას აგებდა და ბოლო პერიოდში მოსაგებად შემოგვიტია. დიდ ბრძოლაში საქართველოს ნაკრები ახერხებდა და მასპინძლებს ახლოს არ უშვებდა. ესტონელებმა რამდენჯერმე მოახერხეს 3-4 მოახლოვება, თუმცა ხან მაკფადენი, ხანაც – გოგა ბითაძე შეტევებს შედეგიანად აგვირგვინებდა და შეხვედრის დასრულებამდე 7:30 წუთით ადრე ქართველების ლიდერობა ისევ 9 ქულას (64:55) შეადგენდა.
თამაშიც ასე ჩამთავრდა. ესტონელები ხან მოგვიახლოვდებოდნენ 6-7 ქულით, ხან 10-ით ჩამორჩებოდნენ. საბოლოოდ ქართველებმა მოახერხეს სასურველი სხვაობის ისე შენარჩუნება, რომ ვითარება არ დაძაბულა და საქართველომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენს ნაკრებს 23 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი შერმადინმა ულიდერა. ორმაგი დუბლი – 19 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა გოგა ბითაძესაც, ხოლო თად მაკფადენის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. 7-7 ქულით დაასრულეს მატჩი დუდა სანაძემ და გიორგი ცინცაძემ, ამ უკანასკნელს კი 7 პასიც ჰქონდა. 3 ქულა მიითვალა ლევან ფაცაციამ, ხოლო 2 – მიხეილ ბერიშვილმა.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 1 დეკემბერს გამოფრინდება და 2-ში, გამთენიისას, თბილისში იქნება. ილიას ზუროსის გუნდი 3 დეკემბერს ისრაელს უმასპინძლებს.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა განაცხადა:
ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გვქონდა მატჩისთვის სრულყოფილად მომზადების დრო. ამასთან, ესტონეთი სხვა სტილის ნაკრებია. მოძრავია და პერიმეტრიდან შესანიშნავად სტყორცნის. ასეთი გუნდების დაჭერა ყოველთვის რთულია. ხელს ისიც გვიშლიდა, რომ გვქონდა მცირე ტრავმები…
– მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. აქამდე იშვიათად უწევდათ ორ ტანმაღალ ცენტრს, გიორგი შერმადინსა და გოგა ბითაძეს ერთმანეთის გვერდით თამაში. ესტონეთში დიდი დროის განმავლობაში ორივე მოედანზე იყო და მათი ურთიერთქმედებით კმაყოფილი ვარ. გოგა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბის დიდი ტალანტია და ეს დღესაც დაამტკიცა. მათთვის რთული იყო ტანდაბალი, სწრაფი მეტოქეების დევნა, მაგრამ თავი ყველა დავალებას კარგად გაართვეს და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ.
– კიდევ უფრო რთული ბრძოლა გველის 3 დეკემბერს თბილისში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა შინ თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობაა, რადგან სპორტის სასახლე ბოლომდე ივსება და იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერადაც ლამაზი დარბაზისა და ლამაზი თამაშის მომსწრენი გავხდებით.