საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიმბურკში ჩეხეთის ნაკრებთან წააგო. ქართველებმა 10 დღის წინ თბილისში ჩეხებს 72:61 მოუგეს, თუმცა საპასუხო მატჩში ეს ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს და 19 ქულის სხვაობით – 67:86 წააგეს.
პირად შეხვედრებში უპირატესობა იგორ კოკოშკოვის გუნდს საიმისოდ აწყობდა, რომ თუკი საქართველოს და ჩეხეთი საბოლოოდ ქულების თანაბარ ოდენობას დააგროვებდნენ, უპირტესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭებოდა. ახლაც არის იმის შანსი, რომ ამ გუნდებს თანაბარი მოგებ-წაგება დაუგროვდეთ, თუმცა ეს უკვე საქართველოს ნაკლებად აწყობს, რადგან ჩეხებთან 2 მატჩის ჯამში 8 ქულას აგებს.
ვარაუდების და გამოთვლების დრო ჩვენს ნაკრებს ბუნებრივად დაუდგა. ეს სიტუაცია ჩეხეთში წაგებამ განაპირობა. კოკოშკოვის გუნდს ნიმბრუკში რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი იქნებოდა, ახლა კი ქართველებს ბრძოლა მოუწევთ, ჯგუფში მეორე ადგილზე რომ გავიდენ და შემდეგ ევრობასკეტზე გამსვლელ მეორეადგილოსანთა ექვსეულში მოხვდნენ.
საამისოდ საქართველოს უნგრეთის რაც შეიძლება მეტი სხვაობით დამარცხება სჭირდება. თუკი ქართველები 24 აგვისტოს მადიარებს მინიმუმ 10 ქულით დაამარცხებენ, მეორე ადგილს გაინაღდებენ. აქედან გამომდინარე, საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო მატჩს, რომელიც 3 დღეში თბილისში გაიმართება, იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის უდიდესი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება ნიმბრუკში დღეს გამართულ შეხვედრას, ქართველებმა თითქმის უშანსოდ წააგეს. იყო მომენტი, როცა ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 6 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ ზომაზე ბევრმა შეცდომებმა და დაცვაში უყურადღებო თამაშმა საქართველოს თბილისში მოპოვებული ჰანდიკაპიც (+11) დააკარგვინა და 20 ქულითაც ჩამორჩა.
ჩეხები სწრაფ თამაშზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა არც ფარქვეშ შესვლას ერიდებოდნენ. მასპინძლები ჩვენს ტანმაღალ მოთამაშეებს – ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძემ და თორნიკე შენგელიას სამწამიანში დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ და თითოეული ბურთის ჩასაგდებად ჩვენებს დიდი ჯაფა ადგებოდათ. ჩეხები კი სწრაფი თამაშის ხარჯზე ქულებს უხვად იხვეჭდნენ, რაც ანგარიშში თანდათან იკვეთებოდა და საბოლოოდ მასპინძელთა დიდსხვაობიანი გამარჯვებაც დაფიქსირდა. დარბაზში 100-ამდე ქართველი იყო, რომლებიც მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენებს, თუმცა ჩეხების წინაღობას ქართველებმა მაინც ვერ გაუძეს.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში უნგრეთმა 13 ქულით დაამარცხა პორტუგალია და ქართველებს ქულებით გადაასწრო. მომდევნო ტურში, 24 აგვისტოს, საქართველო უნგრეთს უმასპინძებს, ხოლო ჩეხეთი პორტუგალიაში ითამაშებს.