საქართველოს ნაკრებმა “ვილანოვა ვაილდქეთსი” 33 ქულით გაანადგურა

საქართველოს ნაკრებმა “ვილანოვა ვაილდქეთსი” 33 ქულით გაანადგურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირი. დასკვნით მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდმა 33 ქულის სხვაობით – 87:54 დაამარცხა ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) გუნდი „ვილანოვა ვაილდქეთსი“. ეს ის გუნდია, რომელმაც ტურნირის პირველ მატჩში ისრაელი 92:90 დაამარცხა. საკუთრივ ისრაელმა კი, მეორე ტურში,  საქართველოს ერთადერთი მარცხი აგემა ალმერის საერთაშორისო ტურნირზე.
 
საქართველოს ნაკრები 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება. ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძელი ჰოლანდია ისრაელს ხვდება და თუკი დაამარცხებს, კოკოშკოვის გუნდი პირველ ადგილზე გავა. თუ არადა, ისრაელი და საქართველო თანაბარ ქულებს დააგროვებენ და სავარაუდოდ, ტურნირის გამარჯვებულადაც პირადი მოგების ხარჯზე ისრაელი გამოცხადდება.
 
კოკოშკოვის გუნდმა მეტნაკლებად თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ რომ მოუმატა, თამაშის ბოლომდე ტემპი არ დაუგდია. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 21:9 მოიგო, მესამე – 22:15 და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ უკვე მთელი 26 ქულით იგებდა: 71:45.
 
ქართველებისგან თავი გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გამოიჩინა, რომელმაც 30 წუთში 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ზაზას ქულით ჩამორჩა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. კოკოშკოვმა ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, სათამაშო დროც ყველაზე მეტნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. ბოლო მეოთხედში მოედანზე გამოჩნდა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე ლაშა ფარღალავა, რომელმაც წარმატებით გააგრძელა თანაგუნდელების დაწყებული საქმე და 10 წუთში 7 ქულის მოგროვება შესძლო.
 
საქართველოს ნაკრებმა ამით დაასრულა ალმერის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა და ხვალ საქართველოში გამოემგზავრება. საქართველოს ნაკრები და ისრაელი ერთი თვითმფრინავით მოფრინავენ, რომელიც თბილისის აეროპორტში 17:15 საათზე დაეშვება.
 
 

თამაშის მსვლელობა ჩვენს მოთამაშეებს ხალისობის საშუალებას აძლევდა
 

 
ალმერის საერთაშორისო ტურნირი „Euro Jam Countdown 2011”. 14 აგვისტო
საქართველო 87:54 ვილანოვა
28:21 21:9 22:15 16:9
საქართველო
ხუთეული: ცინცაძე (21 წ, 3ქ, 3მ, 3პ), მარკოიშვილი (21წ, 19ქ, 4მ,), სანიკიძე (23წ, 11ქ, 4მ, 3პ), ვ. ბოისა (19წ, 4მ), ფაჩულია (30წ, 20ქ, 11მ).
სათადარიგონი: გამყრელიძე (9წ), ა. ბოისა (6წ, 3ქ), შერმადინი (10წ, 1ქ, 2მ), ცქიტიშვილი (15წ, 8ქ), შენგელია (17წ, 8ქ, 3მ), ჰეინსი (20წ, 7ქ, 4პ), ფარღალავა (10წ, 7ქ, 2მ)
ვილანოვა: ვეინსი (9), იაროუ (9), ჩიკი (14), არმვუდი (2), ჰილარდი, კენედი (2), პინკსტონი (7), იაკუბუ (8), სატონი (3), ბელი
 
საქართველო           3          2          1          5
ჰოლანდია               3          2          1          5
ვილანოვა                 3          1          2          4
ისრაელი                  3          1          2          4