საქართველოს ნაკრებს ახალი ლეგიონერები და მწვრთნელები ჰყავს

საქართველოს ნაკრებს ახალი ლეგიონერები და მწვრთნელები ჰყავს

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში სიახლეებია. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ გუნდში ახალი მწვრთნელები და ამერიკელი მოთამაშეები არიან, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კი ის 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 8 ივლისიდან შეიკრიბება და საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი 12 კალათბურთელი შეირჩევა. ნაკრების საბოლოო შემადგენლობა მოსამზადებელ პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ სამწვრთნელო შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებზე შეირჩევა.
 ახალი ნატურალიზებული მოთამაშეები
 საქართველოს ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას 2 ახალი, ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი შეემატა. იგორ კოკოშკოვის გუნდში წინა სეზონში მყოფი ჯეიკობ პულენის ადგილი ამერიკელმა რიკი ჰიკმანმა დაიკავა. შეთანხმება შედგა და ჩვენს ნაკრებში ივარჯიშებს ცენტრალური თავდამსხმელი ლიუკ ზელერიც და თუ რომელი ნატურალიზებული კალათბურთელი დაიცავს ევრობასკეტზე საქართველოს ღირსებას, ამას სამწვრთნელო შტაბი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს.
 
 

 რიკი ჰიკმანი (Ricky Hickman)
დაიბადა: 1985, 1 სექტემბერი
პოზიცია: უკანახაზელი
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ
კარიერა
სტუდენტური ლიგა  NCAA
გრინსბრო 2003-04      5.5 ქ, 2.1 პ, 1.6 პ
გრინსბრო 2004-05      14.5 ქ, 3.2 მ, 2.9 პ
გრინსბრო  2005-06      18.7 ქ, 4.3 მ, 2.4 პ
გრინსბრო  2006-07      1.3 ქ, 3.4 მ, 2.4 პ
პროფესიული კარიერა
ოტოპენი (რუმინეთი) 2007-08
გიოსენი (გერმანია)     2008-09
ნამიკა (ფინეთი)          2009-10      23.7 ქ, 3.5 პ
მონფერატო (იტალია) 2010-11      17.5 ქ, 4.3 პ
სკავოლინი (იტალია)  2011-12      16.1 ქ, 2.9 პ        
მაკაბი (ისრაელი)        2012-13      13.5 ქ, 3.1 პ
 
 
რიკი ჰიკმანი ევროლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი იყო. ის ტოპ 16-ის მე-3 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისი წინამძღოლობით თელ ავივის „მაკაბი“ ევროლიგის 8 საუკთესო გუნდში მოხვდა და ოთხთა ფინალში გასასვლელ საფლეიოფო სერიაში მადრიდის „რეალთან“ 0:3 დამარცხდა. 2011 წელს, „სკავოლონიში“ ყოფნისას, ჰიკმანმა იტალიის სერია „ა“-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა.
 
 
 
 
 

ლიუკ ზელერი (Luke Zeller)
დაიბადა: 1987, 7 აპრილი
პოზიცია: მძიმე ფორვარდი/ცენტრი
სიმაღლე: 211 სმ
წონა: 111 კგ
კარიერა
სტუდენტური ლიგა  NCAA
ნოტრე დამი                 2005-06      3.4 ქ, 3.1 მ
ნოტრე დამი                 2006-07      3.8 ქ, 2.2 მ
ნოტრე დამი                 2007-08      4.5 ქ, 2.2 მ
ნოტრე დამი                 2008-09      4.9 ქ, 2.8 მ
პროფესიული კარიერა
შიგა (იაპონია)              2009-10      8.2 ქ, 7.2 მ
ნაგლის (ლიტვა)          2010           5.2 ქ, 3.7 მ
ბეიკერსფილდი (D-League) 2010-11      6.8 ქ, 4.5 მ
ოსტინ ტოროს (D-League)     2011-12      9.1 ქ, 5.3 მ
ფინიქს სანსი (NBA)              2012-13      1.2 ქ, 0.6 მ 
 
ლიუკ ზელერი ტრადიციული საკალათბურთო ოჯახიდანაა. მისი დედ-მამა კალათბუთელები იყვნენ, ხოლო ორივე (ტყუპი) ძმა ნბა-ში თამაშობდა: ტაილერი „კლივლენდში“ კოდი – „შარლოტში“. 2010 წელს ლიუკ ზელერი პან-ამერიკის თამაშებისთვის სამზადისში მყოფი ამერიკის ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში მოხვდა.
 
სანამ ჰიკმანს და ზელერს შეითანხმებდა, ფედერაციის ხელძღვანელობა მოლაპარაკებას შემდეგ კალათბურთელებთან აწარმოებდა: შონ ჯეიმსი (მაკაბი), პოლ დევისი (ხიმკი, რუსეთი), ლემონ ჰამილტონი (ბილბაო, ესპანეთი), ჯონ ბრაიანტი (ულმი, გერმანია), კურტის ჯერელსი (ბეშიქთაში, თურქეთი), სონი ვიმსი (ცსკა, რუსეთი), ჯორდან ფარმარი (ეფესი, თურქეთი), ბობი ბრაუნი (სიენა, იტალია).
 
სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები
 
საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი, იტალიელი სანდრო ბერკადინო სერბმა ალექსანდრ ჩვოროვიჩმა ჩაანაცვლა. ჩვოროვიჩი ადამიანის ფუნქციონალური მოძრაობის სისტემის სპეციალისტია და ბელგრადის უნივერსიტეტში ამ თემაზე სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული. ფიზმომზადების კუთხით ჩვოროვიჩს ნამუშევარი აქვს ბოსნიის, სერბეთის და არაბეთის ნაკრებებსა და კლუბებში. სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრია მეთ ბრეისი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ვიდეო-ასისტენტი იქნება. ამ თანამდებობაზე გასული სეზონი მან ნბა-ს გუნდ „ჰიუსტონ როკეტსში“ გაატარა, მანამდე კი ის ნბა-ს განვითარების ლიგის გუნდ „გრანდ უოლეი ვაიპერსის“ ასისტენტი მწვრთნელი, ხოლო 2003-2006 წლები „არიზონა უაილდქეთსის“ (NCAA)  ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.
 
გაფართოვებული შემადგენლობა
 
იგორ კოკოშკოვისა და სამწვრთნელო შტაბის შეთანხმებით ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდისთვის 20 კანდიდატი გამოიძახეს. ნაკრების გაფართოებული, 20-კაციანი შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბმა 1 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც 2 ცვლილება განხორციელდა: ჯეიკობ პულენის ნაცვლად შემადგენლობაში რიკი ჰიკმანი, ხოლო სერგო ათუაშვილის ნაცვლად ლიუკ ზელერი ჩაჯდა.
ეროვნული ნაკრები ჯამში 11 საკონტროლო მატჩს გამართავს და გაივლის შეკრებებს თბილისში, პოდჩეტრტეკში (სლოვენია) და იმ ქვეყნებში, სადაც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება (იტალია, საფრანგეთი, ისრაელი, ლიტვა).
 

 
 
ამ სიახლეებთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ კლიპარტელიანი, ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და მწვრთნელეი – დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში

 
ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
,,სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია გვიწევს ნატურალიზებული მოთამაშის ჩამოყვანა. ვინც ითამაშა, ყველამ  შეიტანა წვლილი ნაკრების წარმატებაში. ფედერაციამ დიდი შრომა გაწია, რომ რაც შეიძლებოდა ძლიერი მოთამაშე ჩამოგვეყვანა. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო პირველ ნომერზე დაგვემატებინა ნატურალიზებული კალათბურთელი – რიკი ჰიკმანი, რომელიც ,,მაკაბის’’ მოთამაშეა. თუმცა, ზაზას ტრავმის გამო ჩამოსაყვანი გაგვიხდა მაღალი მოთამაშეც. მას რეკომენდაცია იგორ კოკოშკოვმა გაუწია. ნაკრებს 11 თამაშის ჩატარება უწევს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს სამწვრთნელო შტაბი მაღალი კალათბურთელი დაიტოვოს, თუ დაბალი. ორივე კალათბურთელის ჩამოყვანა ორმხრივ ინტერესზეა დაფუძნებული. მოლაპარაკებები გვქონდა სხვა ძლიერ მოთამაშეებთანაც, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ.  ნაკრები ორკვირიან ფიზიკურ მომზადებას გაივლის და იგორ კოკოშკოვი ამის შემდეგ სლოვენიაში შეუერთდება მათ. ჩვენმა ნაკრებმა ბოლო წლებში სერიოზული გამოწვევები დაძლია, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ორი წამყვანი მოთამაშის – ზაზა ფაჩულიას და გიორგი ცინცაძის გარეშე მაინც დადებითი  შედეგი ვაჩვენეთ. ყველა მოთამაშის არჩევა მწვრთნელთა გადაწყვეტილებაა, ჩვენ მათ ვენდობით. ურთულეს ჯგუფში ვართ, კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველა მაქსიმუმს გააკეთებს. ’’
დავით უსტიაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
,,საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი ფიზ. მომზადების მწვრთნელი, სერბი ალექსანდრ ჩვოროვიჩი,  რომელიც იგორ კოკოშკოვის რეკომენდაციით ჩამოდის და დარწმუნებული ვარ, წაადგება ჩვენს ნაკრებს. მნიშვნელოვანია ვიდეო-ასისტენტის – მეთ ბრეისის ჩამოყვანაც. საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და ნაკრებისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.’’
კოტე ტუღუში. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
,,ზაზას ტრავმის გამო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მისი არყოფნა ჩვენი ნაკრებისთვის გაცილებით დიდი დანაკლისია, ვიდრე მაგ. ესპანეთისთვის რომელიმე ლიდერის არყოფნა. თუმცა ჩამოგვყვას ლიუკ ზელერი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ამორჩეულია და საკმაოდ დადებითად დაახასიათა როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი. 
ჟურნალისტებისგან იყო კითცხვა ლაშა გამყრელიძის ნაკრებში არგამოძახების თაობაზე, რომელზეც კოტე ტუღუშმა უპასუხა:
„ლაშა გამყრელიძე საკმაოდ კარგი კალათბურთელია, წლების განმავლობაში იყო ნაკრების წევრი, თუმცა ამ ეტაპზე არ ჯდება ნაკრების მონახაზში, ლაშას არ სჭირდება გასინჯვა და შემოწმება, ამიტომ ვერ ვხედავთ მისი 20-კაციან შემადგენლობაში გამოძახების მიზეზს. მართალია ძალიან მძიმე ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ნაკრების წევრებს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდათ, გვყავს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები.  ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ ღირსეულად გამოვალთ ევროპის ჩემპიონატზე.’’