საქართველოს თასის მე–7 გათამაშება. თბილისის სპორტის სასახლე. 27 იანვარი
ფინალი
ავიამშენი 71:80 ენერჯი–ინვესტი
15:16 13:23 15:20 28:21
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (8), დ. ბერიშვილი (5 ქულა, 8 პასი), ბოისა (6), ნაცვლიშვილი (24), მათიაშვილი (9); ნიკოლაძე (12), კვიმსაძე, მინაშვილი (4), პირველაშვილი (3), შერმადინი
ენერჯი: გამყრელიძე (14 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი), ტუღუში (17), ლეჟავა (7), ბაბიაშვილი (13), უგრეხელიძე (5); დიდია (2), ტუჯანი (10 ქულა, 7 მოხსნა), ჭოჭუა (12)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ გელოვანი
თასი იყო ერთადერთი ქართული ტიტული, რომელიც რუსთავულ „ენერჯი– ინვესტს“ არ მოეგო და ქვემოქართლელებმა ეს საწადელიც აისრულეს. დღეს სპორტის სასახლეში საქართველოს თასის მე–7 გათამაშების ფინალურ მატჩში რუსთაველებმა „ავიამშენი“ დაამარცხეს და თავიანთი შთამბეჭდავი ტიტულთა კოლექცია თასითაც გაამდიდრეს. რაც შეეხება „ენერჯი–ინვესტის“ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს, მან ეს ტიტული მეორედ მოიგო – პირველად 2006 წელს „თსუ–ნიკორას“ ააწევინა თასი.
ფინალური შეხვედრა ვერ გამოდგა ისეთი სანახაობრივი, როგორსაც მაყურებელი ელოდა. არც ერთი გუნდი არ იყო უკან დამხევი, ორივეს ამბიციური და მართლაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და თასის მოსაგებად რომ არაფერს დაიშურებდნენ, ამას თქმა არ უნდოდა. არც დაიშურეს, ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ეს უფრო კარგად რუსთაველებს გამოუვიდათ, რომლებმაც დამსახურებულად მოიგეს საქართველოს თასი.
შეხვედრა ძალიან ნერვიულად დაიწყო. მეტოქეები თავიდანვე ფრთხილობდნენ და პირველი მეოთხედი ერთმანეთის ზვერვაში გაატარეს. არც „ავიამშენი“ მიდიოდა რისკზე და არც „ენერჯი–ინვესტი“, ორივე დინჯად უტევდა და შესაბამისად, ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა. პირველი ათწუთეული გვარიანად მწირექულიანი გამოდგა –რუსთაველებმა 16:15 მოიგეს და მეორე მეოთხედიდან სისწრაფეს უმატეს.
კოტე ტუღუშს წინ ვახტანგ მინაშვილი გადაუდგა
“ავიამშენში” საუკეთესო ვახტანგ ნაცვლიშვილი (#13) იყო
პირველ მეოთხედში არც ერთი სამქულიანი არ ჩავარდნილა, გუნდები არ რისკავდნენ და ფართან მიახლოვებულნი ცდილობდნენ შეტევას. აი, მეორედან კი რუსთაველებმა შორი სამიზნე მომართეს და როცა კოტე ტუღუშმა 2 სამიანი ჩააგდო, „ენერჯი–ინვესტი“ ოდნავ მოსწყდა მეტოქეს – 26:19.
თავის მხრივ თბილისელებიც ცდილობდნენ შორი დისტანციიდან ხეირობას, მაგრამ „ავიამშენის“ ცნობილმა სნაიპერებმა – ტყუპმა ბერიშვილებმა მიზანი ვერ გაისწორეს. ერთადერთი ნათელი წერტილი „ავიატორთა“ შემადგენლობაში ვახტანგ ნაცვლლიშვილი იყო, რომელიც ფარქვეშიდან ცდილობდა რუსთაველთა კალათის დალაშქვრას და თავიდანვე ბევრი ქულა მოუგროვდა (საბოლოოდ 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა). თუმცა მარტო კაცი ჭამაშიდაც ბრალიაო და მხოლოდ ვატო ვერას გახდებოდა დაცვაში მწყობრად მდგარი ქვემოქართლელების წინააღმდეგ. თბილისელთა მეორე მეფარე რიჩარდ მათიაშვილს უკვე პირველსავე მეოთხედში დაუგროვდა 3 პერსონალური და ცხადია, ის ლევან მოსეშვილმა მოედნიდან გაიხმო. მის ნაცვლად გამოსული სოსო შერმადინი კი ვერ გამოდგა ნაცვლიშვილისთვის შესაფერისი მეწყვილე და მოსახდენი მოხდა – „ავიამშენის“ გაცუდებული ბურთები რუსთაველებს სწრაფად გადაჰქონდათ შეტევაში და შედეგიანადაც აგვირგვინებდნენ. ამას დაერთო ისიც, რომ დაცვითი თამაშით ცნობილმა რუსთაველთა კამერუნელმა ლეგიონერმა შეტევაშიც გამოიჩინა ფხა და როცა ჯოლივეტ ტუჯანმა პირველი ტაიმის ბოლოს მიჯრით 6 ქულა მიითვალა, „ენერჯი–ინვესტი“ დიდ შესვენებაზე 11–ქულიანი უპირატესობით გავიდა – 39:28.
მესამე მეოთხედიდან თამაში ჩვეულ, „რუსთავულ“ რიტმში გაგრძელდა, თუმც მალე „ავიამშენს“ ჩინებული შანსი ებოძა, თამაშში გარდატეხა შეეტანა: „ენერჯის“ ლიდერმა კოტე ტუღუშმა მე–4 პერსონალური მიიღო და თავისთავად სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, რათა მოედნიდან ნაადრევად არ გავარდნილიყო. მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა მიხეილ ჭოჭუამ თბილისელებს არაფერი დაანება და შორიდან ხომ ჩააგდო 2 სამქულიანი, არც ფარზე შესვლებს და კალათის დალაშქვრას ერიდებოდა. „ავიატორები“ კი ქაოტურ შეტევებს აგრძელებდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 16 ქულითაც ჩამორჩნენ – 43:59.
ამხელა დეფიციტის აღმოფხვრა 10 წუთში იოლი ნამდვილად არაა, მაგრამ არც შეუძლებელია და ამიტომაც იყო, თბილისელებმა მთელი ძალებით რომ შეუტიეს რუსთაველებს. მოედანზე გასულმა გიორგი ნიკოლაძემ სისწრაფე შემატა „ავიამშენის“ შეტევებს, მაგრამ რუსთაველები არ გატყდნენ – უსტიაშვილის შეგირდები მეტოქის ზუსტ შეტევას ზუსტადვე პასუხობდნენ და ანგარიშში სხვაობასაც ლღობა არ ეტყობოდა.
ყველაფრის მიუხედავად „ავიამშენს“ მაინც გამოუჩნდა შანსი, თამაში გადაერჩინა, როცა ნიკოლაძისა და მათიაშვილის ზუსტი სროლების შემდეგ „ენერჯი–ინვესტის“ ლიდერობა 7 ქულამდე შეიკვეცა – 75:68 საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე.
აი, აქ ვეღარ გაუმართლათ „ავიატორებს“ – ირაკლი ბერიშვილმა მიჯრით ორი შეტევა გააფუჭა და სირენამდე რამდენიმე წამით ადრე, როცა ბესიკ ლეჟავამ საჯარიმოები მიითვალა, რუსთაველთა გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა.
მერე იყო რუსთაველთა ზღვა სიხარული, პირველად მოგებული თასის ზეაღმართვა და სამახსოვრო ფოტოები. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე რუსთაველთა კაპიტანი კოტე ტუღუში გახდა, რომელმაც პრიზიცა და თასიც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, ბესიკ ლიპარტელიანისგან ჩაიბარა.
ნაცვლიშვილი დავით უგრეხელიძისა (#11) და ზვიად ბაბიაშვილის გარემოცვაში
“ავიატორი” ირაკლი ბერიშვილი ბესიკ ლეჟავას ხელითაც იჭერდა
კოტე ტუღუშს თასი და საუკეთესო მოთამაშის პრიზი
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა
გადასცა