საქართველოს თასის გათამაშების რვავე მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მერვედფინალური სერიის დარჩენილი 3 საპასუხო მატჩი გაიმართა და შესაბამისად, ბოლო სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ესენი არიან “რაში”, თსუ და გორის “ივერიონი”.
მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილ რაშს სერიის პირველი მატჩი გაგრის “ამრასთვის” 7 ქულით ჰქონდა მოგებული და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. რაშის კალათბურთელებმა მისია ზედმეტი გართულებების გარეშე შეასრულეს. პირველი პერიოდის 9 ქულით მოგების შემდეგ უპირატესობა მეორე პერიოდში 21-ამდე გაზარდეს. მართალია, ამრამ ეს ჩამორჩენა შეამცირა და მესამე პერიოდში ანგარიში სულაც გაათანაბრა, თუმცა რაშმა ხელახალი ძალებით შეუტია და კვლავ ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონა, რის შემდეგაც სერიის ბედი გაირკვა.
საბოლოოდ რაშმა ისევ 7 ქულით – ამჯერად 100:93 (სტატისტიკა) სძლია და მეოთხედფინალში ვსა-ს შეუწყვილდა. გამარჯვებულებს 22 ქულით ჯონ კერიმ ულიდერა. 19 ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზე დაგროვდა.
თასის მოქმედი მფლობელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი პირველ მერვედფინალურ მატჩში “ა” ლიგის დებიუტანტ “გრიფინთან” კასპში 98:102 დამარცხდა. საპასუხო მატჩში ოლიმპიური სასახლე სტუდენტმა გულშემატკივრებმა სანახევროდ გაავსეს. მათი ოვაციების ფონზე თსუ-მ 24 ქულის სხვაობით – 101:77 (სტატისტიკა) დაამარცხა “გრიფინი” და პირველ მატჩში სენსაციური მარცხის შემდეგ ღირსეული რევანში აიღო.
კასპელებმა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს უნივერსიტეტელებს წინააღმდეგობა, რის შემდეგაც თსუ-ს უპირატესობა პერმანენტულად იზრდებოდა. საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, კასპელებს წარმატების შანსი არ მისცემიათ. მეოთხედფინალში თსუ ზესტაფონის მარგვეთს შეხვდება.
და ყველაზე საინტერესო დაპირისპირება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა გორში პირველი მატჩი 13 ქულით დათმო ივერიონთან, საპასუხო შეხვედრაში კი 9 ქულით იმარჯვა და თასის გათამაშებას გამოეთიშა. კავკასიელებმა ბოლო პერიოდი 31:14 მოიგეს და ამის ხარჯზე იმარჯვეს, მანამდე კი თითქმის სულ გორელები ლიდერობდნენ. ივერიონმა თამაში კარგად დაიწყო და მესამე პერიოდში უკვე 17 ქულას იგებდა. კავკასიელებს დააგვიანდათ, მხოლოდ ბოლო 15 წუთი ითამაშეს მაღალ დონეზე, მაგრამ 2 მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრებამდე 4 ქულა დააკლდათ.
მეოთხედფინალში გორის ივერიონის მეტოქე “ქუთაისი” იქნება. თასის
