საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში რუსული გუნდები დაამარცხა. ლატვიის ქალაქ კანდავაში მიმდინარე მეორე წრის რიგით მესამე და მეოთხე მატჩი ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა 13 იანვარს გამართა, რომლებშიც “ჩეხოვსკი იასტრების” და მოსკოვის “დინამოს” მოუგო.
პირველ შეხვედრაში ქართველებმა 64:42 იმარჯვეს. 13 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი მოსიაშვილი. 10 ქულა ლუკა ხუციშვილმა მოაგროვა, საბა მურღულიას ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
მოსკოვის “დინამოსთან” შეხვედრაში 13 ქულით ელგუჯა ხვედელიძე გამოირჩა. 9 ქულა კოსტანტინე სუხიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ქართველებმა რუსული კლუბი 41:27 დაამარცხეს.
ევროპის ლიგის მეორე წრის ბოლო, მე-5 შეხვედრას საქართველოს ნაკრები 14 იანვარს ესტონურ ტტუ-სთან გამართავს და სამშობლოში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, რომელიც 19-22 ოქტომბერს ესტონეთში გაიმართა, ქართველებმა 5-დან 2 შეხვედრა მოიგეს, მეორე წრეში კი 4-დან უკვე 3 გამარჯვება აქვთ.
მესამე წრე 15-18 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.