საქართველოს U16 გოგონათა ნაკრებმა მალტასთან წააგო

საქართველოს U16 გოგონათა ნაკრებმა მალტასთან წააგო

წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი მალტასთან 39:61 წააგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 3-გუნდიან ჯგუფშია და მალტის შემდეგ კოსოვოს ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც ტურნირის პირველ დღეს – 25 ივლისს ისვენებდა. არადა, ქართველებმა მალტასთან თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი მეოთხედის 12:7, ხოლო მეორეს – 19:14 მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის 10 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაში ჩააგდო. მესამე პერიოდი 2:18 წავაგეთ, ხოლო დასკვნითი მეოთხედი – 6:22. მატჩი, რომლის დიდ შესვენებაზეც 10 ქულით ვიგებდით, საბოლოოდ 21 ქულით დავმარცხდით.
საქართელოს ნაკრებში 8 ქულით საუკეთესო იყო მარი ოქროპირიძე, ხოლო ლიკა მიქიაშვილმა 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ შეინარჩუნოს, ბოლო ტურში, 26 ივლისს, კოსოვოს უნდა მოუგოს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. 
საქართველო – მალტა 39:61 (სტატისტიკა)