საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. დღეს, 17 ივნისს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს. ჩემპიონატს სომხეთის დედაქალაქი ერევანი უმასპინძლებს, სადაც ევროპის 21 ნაკრები შეიკრიბება და იბრძოლებს 3 საგზურისთვის, რომელთა მომგები გუნდებიც მომავალ, 2025 წელს A დივიზიონში იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად შვეიცარია, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები და დანია ჰყავს. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გადის – ანუ საქართველომ მინიმუმ 4 გუნდს უნდა აჯობოს, პლეი ოფში რომ გავიდეს და ამისთვის კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ნაკრები საკმაოდ კარგ შეკრებას გაივლის.

რიგის საერთაშორისო ტურნირში საქართველოსა და ლატვიასთან ერთად ფინეთი და თურქეთის 20-წლამდელთა ნაკრებები შეიკრიბებიან. ჩვენი ნაკრები ლატვიაში 30 ივნისამდე დარჩება და საერთაშორისო ტურნირის 3 მატჩთან ერთად კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ტურნირის მატჩები 18, 19 და 20 ივნისს გაიმართება, ხოლო 29 ივნისს საქართველო ისრაელს, ხოლო 30-ში უკრაინას დაუპირისპირდება. 

კოტე ტუღუშს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ასისტენტობას ანატოლი ბერიშვილი და ალექსანდრე ნოზაძე უწევენ. ფიზ-მომზადების მწვრთნელი მალხაზ ლობჟანიძე გახლავთ, ხოლო ექიმები – ვაჟა კოტორაშვილი და დავით კოხტაშვილი. მენეჯერი – გივი სანაძე.

ნაკრების შემადგენლობაში 16 კალათბურთელია, საიდანაც საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატისთვის 12 უნდა დარჩეს. რიგაში ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

თემურ კაპანაძე, ლუკა კოტლიარევსკი, საბა სალაძე, თენგო გოგიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, საბა ნარიმანიძე, ავთანდილ ბახტაძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა ალავიძე, ანრი ბელთაძე, ამირან აროშიძე, გეგა წულიაია, ნიკოლოზ აბულაძე, ირაკლი ახალაია, ლუკა ბარბაქაძე, სულხან-სანა შარაშიძე.

20-წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან 1 ივლისს დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას საქართველოში განაგრძობს. 7 ივლისს ჩვენი ნაკრები მორიგ სპარინგ-მატჩს თბილისში, ლატვიის ნაკრებთან გამართავს და იმ საღამოს ერევანში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 9 ივლისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სომხეთს შეხვდება, ხოლო 11 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები დაიწყება. 

საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირია:

11 ივლისი VS ავსტრია
12 ივლისი VS შვეიცარია
13 ივლისი VS ჩრდ. მაკედონია
15 ივლისი VS დანია
16 ივლისი VS ნიდერლანდები

ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში საქართველო პლეი ოფის მატჩს 18 ივლისს ითამაშებს.