SBNation: ფაჩულია და ვესტი იმაზე უკეთესი დამცველები არიან, ვიდრე გგონიათ!

დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა თავის ახალ გუნდ „გოლდენ სტეიტში“, რომელმაც დასავლეთ კონფერენციის ლიდერი „ოკლაჰომა სიტი“ 122:96 გაანადგურა. ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კი ამერიკულ ინტერნეტ-გამოცემა sbnation-მა საინტერესო სტატია (მეტადრე ანალიტიკური წერილი) გამოაქვეყნა ზაზა ფაჩულიასა და მისი თანაგუნდელის, დევიდ ვესტის თამაშის შესახებ. ამ სტატიაში გოლდენსტეიტელთა მეფარეების თამაშს დეტალურად იხილავენ და ასკვნიან, რომ ზაზა და დევიდი ძალიან კარგი მოთამაშეები და დამცველები არიან. აღდგომა და ხვალეო – ფაჩულიამ მომდევნო მატჩში, „ოკლაჰომასთან“ 8 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა – რასაც მთლიანობაში 23 წუთი მოანდომა.
ჩვენ კი გთავაზობთ ამ საინტერესო სტატიის თარგმანს:
” სამი მატჩის შემდეგ გოლდენსტეიტელთა დაცვაზე ბევრი ალაპარაკდა. ზოგი ამბობს, რომ პრობლემების სათავე წინა ხაზია, ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი თავს სათანადოდ ვერ ართმევენ თავის საქმეს.
ასეთი მსჯელობა არასწორია!
არასწორია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინებით. სკეპტიკურად მოსაუბრეთა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ აცნობიერებენ, როგორ დაცვას თამაშობენ ზაზა და დევიდი. ისინი ხომ წინამორბედებთან, ენდრიუ ბოგატთან და ფესტუს ეზელისთან შედარებით სხვა სტილში, შედარებით “წყნარად” თამაშობენ.
ვიდრე კონკრეტულ განხილვაზე გადავალთ და დაცვით პრობლემებზე ვილაპარაკებთ, აქამდე ჩატარებული სამი მატჩის საერთო სტატისტიკას უნდა გადავხედოთ: “გოლდენ სტეიტი” საშუალოდ 111 ქულას უშვებს, რაც ლიგის 25-ე გუნდსაც კი არ შეჰფერის, არათუ ჩემპიონობის მაძიებელს. გასულ სეზონთან შედარებით მართლაც დიდი უკუსვლაა.
იოლია, ყველაფერი ახალწვეულებს გადააბრალო. იოლია, მაგრამ არასწორი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაჩულია და ვესტი გრძელი მეფარეები არ არიან. თუმცა NBA-ს დონეზე კარგ წინახაზელებად ითვლებიან. ისინი ამ სეზონშიც მშვენიერი დამცველები არიან. მოედანზე ყოფნისას მიღებული ქულების სიმცირით ისინი “უორიორზში” მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. მხოლოდ კევინ დურანტსა და დრეიმონდ გრინს ჩამორჩებიან. სტეფ კარის მოედანზე ყოფნისას გუნდი 118 ქულას იღებდა (დაანგარიშებულია რიცხვი, საშუალოდ 48 წუთი რომ ითამაშონ), კლეი ტომპსონის დროს – 116-ს, ანდრე იგუოდალას დროს – 115. მართლაც მაღალი მაჩვენებელია.
შეიძლება თქვათ – ეს მხოლოდ სტატისტიკაა. კარგი, მოდი მატჩების ფრაგმენტებს გადავხედოთ. ვნახოთ “ფინიქს სანსთან” მესამე პერიოდის ფრაგმენტი:
**** სურ-1
ცოტა მოსაწყენი სიტუაციაა. “ფინიქსის” ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა პიკ-ენდ-როლი გაითამაშა ტი ჯეი უორენთან. ამ უკანასკნელის ამოცანა მარტივი იყო: ან ფარქვეშ შესულიყო, ან საშუალო დისტანციიდან ესროლა. უორენი მართლაც დაიძრა ფარისკენ, მაგრამ შენიშნა რა ფაჩულია, შეჩერდა, უკან გადაიწია და სტყორცნა.
გაგახსენებთ “უორიორზის” შარშანდელ საპლეიოფო სერიას “პორტლენდთან”: დამიენ ლილარდი ხშირად ხვდებოდა უორენის მსგავს პოზიციაში, თუმცა მასზე ცენტრი ენდრიუ ბოგატი არ გადადიოდა, ლილარდიც თავისუფლად სტყორცნიდა და ამიტომაც ადიოდა 32 ქულაზე. დამიენისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბოგუტის მოედანზე ყოფნა იყო…
ამ სიტუაციაში ფაჩულია ენდრიუზე უკეთესია, იგი ისე გადაადგილდა, რომ უორენს ფარქვეშ შესვლის სურვილი გაუქრა, სატყორცნად შეიმართა, თუმცა ზაზა საკმარისად სწრაფია საიმისოდ, რომ მიესწრო და ხელი შეეშალა.
დაუფარებდა? არა. თუმცა ეს არ არის მთავარი, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილიდან ტი ჯეი უორენი 45-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის (იგულისხმება ისეთი სროლებიც, როცა მეტოქე ვერ ასწრებს ხელის შეშლას). მისთვის დრიბლინგში ხელის შეშლა, ორქულიანის მიღების საშიშროების 45%-ზე დაბლა დაშვებას ნიშნავდა. შესაძლოა, ზოგჯერ ასეთი ტყორცნა ჩავარდეს, მაგრამ დაცვისთვის კარგ მაჩვენებლად ითვლება, თუ მეტოქეს მსგავსი მანძილიდან ტყორცნას აიძულებს.
მსგავსი რამ თამაშში დაახლოებით 20-ჯერ ხდება. ასეთ დროს ზაზა გუნდს არაერთი მიღებული ქულისგან იცავს.
ახლა განვიხილოთ ფინიქსელი ცენტრის ტაისონ ჩენდლერის მოქმედება. იგი პიკ-ენდ-როლისას აჩვენებს, რომ მარჯვნიდან შერბის, მაგრამ ბოლო წამს ტრიალდება და მარცხნიდან უტევს. ფაჩულიამ ეს მშვენივრად იცის და ჩენდლერს სწორედ იქ ელის, საიდანაც ტაისონს შესვლა უყვარს. ზაზა ამ შემთხვევაში არაფერს აკეთებს გარდა ერთისა – თამაშს კითხულობს.
ფაჩულიას დაცვის დაფასება, ასეთი მოსაწყენი დაცვის დაფასებას ნიშნავს. ასეთ დროს “ჰაილაითები” ნაკლებადაა, თან გვარი “ფაჩულია” სტატისტიკაში არ აისახება, მაგრამ მთავარია, რომ “გოლდენ სტეიტმა” მეტოქეს ნაძალადევი შორეული ორქულიანი ასროლინა. სწორედ ესაა სწორი და წარმატებული თამაში.
ახლა დევიდ ვესტის თამაშს შევხედოთ.
***ფოტო: 2
ვესტმა ერთ შეტევაში ორჯერ შეუშალა ხელი “ფინიქსის” კალათბურთელებს კომბინაციის დასრულებაში. ჯერ ალექს ლენსა და დევინ ბუკერს შორის ჩაგდა და პიკ-ენდ-როლის შემდეგ ხელმოცარული დატოვა, შემდებ ზაზა ფაჩულიასავით გონივრულ მანძილზე დაუდგა ბუკერს და სროლა გადააფიქრებინა. “ფინიქსელმა” უკანახაზელმა ისეთი პასი გააკეთა, ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა ანდრე იგუოდალას.
ასეთი დაცვა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ბევრი ცენტრი (მათ შორის, “გოლდენ სტეიტის” ღრმა სათადარიგო) ტანდაბალ კალათბურთელზე გადადის და საშუალებას აძლევს ფარქვეშ გამოთავისუფლებულ ცენტრს საქულე პასი გაუკეთოს.
ზემოთნახსენებ ეპიზოდში იგუოდალას ბევრი შეუქებდა სწრაფ ხელებს, მაგრამ არ მიაქცევდა ყურადღებას, რომ შეტევის ჩაშლა ვესტის დამსახურებაა. ამ შემთხვევაშიც მოსაწყენ კალათბურთს ვაწყდებით. მოსაწყენს, მაგრამ მომგებიანს.
***სურ: 3
განვიხილოთ კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც მთავარ როლში ფაჩულია იყო. ფინიქსელმა მარკის კრისმა ბურთი პერიმეტრთან ახლოს მიიღო. ფაჩულიასთან ჭიდილში შევიდა ფარქვეშ და სტყორცნა, მაგრამ ვერ ჩააგდო, მისმა თანაგუნდელმა ლეანდრო ბარბოსამ დაამატა და ვერც მან მოარტყა მიზანში.
მოდით, დავაკვირდეთ, საიდან ესროლა კრისმა: მას ტყორცნსას მარცხენა ფეხი ზუსტად კალათის ცენტრში ედგა. ასეთი პოზიციიდან ჩაგდება კი ძალიან რთულია, მეტიც, მარკიზი ფარიდან ზურგით იყო და კალათს ვერ ხედავდა. ზაზა ჯარიმას მოერიდა და კონტაქტში არ შევიდა. ასეთ დროს კონტაქტისას უფრო შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ბურთი, ან სასროლი ფოლი დაფიქსირებულიყო.
არა, ფაჩულია ბოგატი არ არის, რომ უბრალოდ დაეფარებინა და შეტევა ასე ჩაეშალა. თუმცა აქ დაფარება სუალც არ იყო საჭირო. ქართველმა ცენტრმა სწორედ იმ მომენტში, იმ ადგილიდან მისცა სროლის უფლება, NBA-ში მხოლოდ 10 კალათბურთელი რომ აგდებს. მათ შორის ლებრონ ჯეიმსი. ასეთ ტყორცნებს დაბალპროცენტიანს უწოდებენ, მითუმეტეს, რომ ფარქვეშიდანაა შესრულებული.
“გოლდენ სტეიტისთვის” სამწუხაროდ, “ფინიქსის” შეტევა კრისის ტყორცნით არ დასრულებულა. ზაზამ თავისი საქმე კი შეასრულა, მაგრამ ერიკ ბლედსომ იან კალრკს გაასწრო, ლეანდრო ბარბოსამ კლეი ტომპსონს და ფაჩულია ფარქვეშ სამი ფინიქსელის წინააღმდეგ აღმოჩნდა. იგი თანაგუნდელებმა მიატოვეს. ამ შემთხვევაში ქართველმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო – ფოლი დაიმსახურა, მაგრამ ბურთი მაინც არ ჩააგდებნა.
რას ამბობს ამ დროს სტატისტიკა? – ტანდაბალმა ბარბოსამ ბურთი მოუხსნა “გოლდენ სტეიტის” სასტარტო ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელიც ლეანდროზე დაჯარიმდა. ბრმა სტატისტიკა ზაზას ამტყუნებს, მაგრამ, რეალურად ყველამ დავინახეთ, რომ ცუდი გუნდური დაცვის გამო ფაჩულია ერთი აღმოჩნდა სამი მეტოქის წინააღმდეგ. კლარკი და ტომპსონი სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, ჩამოეძინათ და გადაწყვიტეს მოვლენებისთვის შორიდან მიედევნებინათ თვალი. სწორედ ეს არის ამ სეზონში “გოლდენ სტეიტის” მთავარი პრობლემა – ნაკლები ბრძოლა და კონცენტრაცია.
ეს მთელს გუნდზე მოქმედებს. მეოთხე პერიოდამდე ვერ ვნახეთ ისეთი დრეიმონდ გრინი, როგორადაც მას ვიცნობთ, გადამწყვეტი ბურთის მომხსნელი, დაფარებისთვის არსაიდან რომ ჩნდება… რჩება შთაბეჭდილება რომ გუნდმა სეზონი დაიწყო მოედნის ერთ მხარეზე – მეტოქის ნახევარზე.
გასულ სეზონში გადამწყვეტი იყო “მეომართა” მკვლელი სამქულიანები. კარი და კომპანია შარშან სამიანების 41.6 პროცენტს იყენებდა, ამ სეზონში ჯერჯერობით – 26.7 პროცენტს. შედეგად ვღებულობთ თანაბარ თამაშს ლიგის საშუალო გუნდებთან და წაგებას კარგ “სან ანტონიოსთან”.
თითქოს კლიშედ იქცა “უორიორსის” მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის სიტყვა “მონდომება”, მაგრამ ეს სპეციალისტი მართალია. ფაჩულიასა და ვესტს თუ არ ჩავთვლით, მონდომება და კომუნიკაცია გუნდის დაცვის მთავარ პრობლემად იქცა. ზაზა და ვესტი დაცვაში “ჰაილაითებს” არ აგროვებენ, უბრალოდ სწორად და სტაბილურად თამაშობენ.
განვმეორდებით: ეს მოსაწყენი კალათბურთია, მაგრამ მომგებიანი!”