საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მასშტაბურ პროექტს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. FIBA-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth Development Fund) პარტნიორობითა და ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით მიმდინარე პროგრამა უკვე მეოთხე წელია წარმატებით ვითარდება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საკალათბურთო კერების გაძლიერებას ითვალისწინებს.
25 სექტემბერს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მორიგი სამუშაო ვიზიტი სენაკში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განავლობაში ფედერაციის წარმომადგენლები სენაკის საკალათბურთო სკოლას უკვე მეოთხედ ეწვივნენ. ამჯერად ვიზიტმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ — ვარლამ ლიპარტელიანმა.
ვარლამ ლიპარტელიანი სისტემატურად მოგზაურობს საქართველოს რეგიონებში, ადგილზე ეცნობა სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ადგილობრივ სექციებს როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში, ისე ბიუროკრატიული თუ საკანონმდებლო პროცედურების ეფექტურად და დაჩქარებულად მოგვარებაში ეხმარება.
სწორედ ვარლამ ლიპარტელიანთან მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა ეროვნული ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტის ბოლო ვიზიტი. სენაკის საკალათბურთო სკოლის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას ფარებზე დასამონტაჟებელი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების რკალები წარმოადგენდა. ლიპარტელიანის რეგიონული ვიზიტისას გამოკვეთილი ეს მოთხოვნა ფედერაციამ ოპერატიულად ასახა პროექტის გეგმაში, შეუკვეთა შესაბამისი აღჭურვილობა და საქართველოში ჩამოტანისთანავე უზრუნველყო მათი სენაკში ჩატანა და დამონტაჟება.
თუკი აქამდე მიმდინარე პროექტის ფარგლებში სენაკელ მოზარდებს — როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდებს — არაერთხელ გადაეცათ სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტარი, ამჯერად, ახალ რკალებთან ერთად, სპორტსკოლამ უახლესი სათამაშო ბურთების პარტიაც მიიღო, რაც ადგილზე საკალათბურთო პროცესს კიდევ უფრო ნაყოფიერსა და დინამიკურს გახდის.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და FIBA-ს ერთობლივი პროექტი აქტიურად გრძელდება. ინფრასტრუქტურული და მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება, რისი შედეგებითაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში პირადად ისარგებლებენ.