საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების გუნდები, რომლებიც იტალიის სერია A-ს პლეი ოფში, სერიის გადამწყვეტ მატჩებს თამაშობდნენ, დმარცხდნენ და სეზონი დაასრულეს. გიორგი შერმადინის კანტუმ და ჯეიკობ პულენის ბრინდისიმ გასვლითი მატჩები უშანსოდ დათმეს და მასთან ერთად მეოთხედფინალური სერიებიც ერთნაირი ანგარიშით – 2:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი წარმატებასთან უფრო ახლოს იყო, რადგან სერიის მსვლელობისას რეჯიო ემილიიდან მოედნის უპირატესობა წამოიღო და 2:1 დაწინაურებულს ნახევარფინალამდე 1, საშინაო მატჩის მოგება მართებდა, რაც ვერ შეძლო და შემდეგ, სტუმრად მარცხიც მიაყოლა.
პულენი მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა თავის გუნდს რეჯიო ემილიაში ვერ უშველა. ბრინდისიმ ჩააგდო, ათწუთეული 9:21 დათმო და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, შანსი არ მისცემია – 62:83. პულენი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი – 36 წუთი ითამაშა. ჯეიკობმა 4-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულას პულენმა 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაყოლა და საერთო სარგებლიანობით თანაგუნდელთაგან მხოლოდ ჯეიმს მეის, ისიც 1 ერთეულით ჩამორჩა.
სტუმრად, ვენეციაში მოთამაშე გიორგი შერმადინის გუნდი გამარჯვებასთან უფრო ახლოს იყო. კანტუმ პირველი ნახევარი 39:36 მოიგო, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდები ჯამში 16 ქულით დათმო და საბოლოოდ 73:88 დამარცხდა. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში შერმადინს 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. ავუდუ აბასთნ და დარიუს ჯონსონთან ერთად შერმადინი შედეგიანობით თავისი გუნდის სამეულში შევიდა.
ასე და ამგვარად, სეზონი პულენისა და შერმადინისთვისაც დასრულდა და საქართველოს ნაკრების წევრებისთვის ის მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილისთვის გრძელდება.