სეზონის ბოლომდე ილიას ზუროსი მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტს” გაწვრთნის

სეზონის ბოლომდე ილიას ზუროსი მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტს” გაწვრთნის

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი მონტენეგროს საუკეთესო გუნდს „ბუდუჩნოსტს“ გაწვრთნის. პოდგორიცულმა გუნდმა ბერძენ სპეციალისტს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუროსს კლუბში მუშაობა მაქსიმუმ მაისის ბოლომე მოუწიოს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების შეკრების დაწყებამდე მთელი თვენახევარია.
ზუროსთ მონტენეგროელები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ლეგენდარული ყოფილი კალათბურთელი, ვლადო შჩეპანოვიჩი პოსტიდან გადადგა. „ბუდუჩნოსტს“ ულებ-ის ევროთასზე 4-დან 4 წაგება აქვს, ადრიატიკის ლიგაზე კი 8 მატჩში დაუმარცხებელი იყო და პირველი წაგება ტურნირის აუტსაიდერთან – მაკედონიურ „კარპოს სოკოლთან“ იწვნია, რის შემდეგაც პოდგორიცელთა მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა.
ზუროსი უკვე წარუდგინეს მონტენეგროულ მედიას და ბერძენი სპეციალისტის კონებტარი შემდეგი იყო:

“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოლაპარაკებები კვირას საღამოს დაიწყო, დღეს კი, უკვე აქ ვიმყოფები. მოხარული ვარ, რადგანაც მუშაობა დიდი პოტენციალის მქონე გუნდთან მომიწევს. ჩემმა წინამორბედმა “ბუდუჩნოსტში” დიდი სამუშაო გასწია და ვეცდები, მისი საქმე გავაგრძელო. კალათბურთში შედეგი დაბალანსებულ შეტევასა და დაცვას მოაქვს, თუმცა, მე აქცენტს მაინც ამ უკანასკნელ კომპონენტზე გავაკეთებდი. თუკი გუნდი თავს კარგად იცავს, ეს მას გაცილებით მეტ თავდაჯერებულობას მატებს. ცხადია, მოხერხებული არაა, როდესაც გუნდში სეზონის შუაწელს მიდიხარ, თუმცა, “ბუდუჩნოსტში” კვალიფიციური კალათბურთელები არიან, რომლებთან საერთო ენის სწრაფად გამონახვა არ უნდა გამიჭირდეს. ამ საქმეს უკვე 30 წელია ვემსახურები და ვიცი, რომ იოლად არაფერი მოდის. თუკი გუნდური სული მაღალ დონეზე იქნება, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ”.
ილიას ზუროსის დებიუტი „ბუდუჩნოსტში“ ევროთასზე შედგება. 16 ნოემბერს პოდგორიცელები ესპანურ „მურსიას“ უმასპინძლებენ.