სეზონი დასრულდა გიორგი შერმადინისთვისაც. ქართველი ცენტრის გუნდმა “უნიკახამ”, რომელმაც მეოთხედფინალური სერია ვალენსიაში გასვლითი გამარჯვებით გახსნა, ზედიზედ 2 მარცხი განიცადა და სერია 1:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ მეოთხედფინალიდან თორნიკე შენგელიას “ბასკონია” გავარდა, რომელმაც “სარაგოსასთან” 0:2 წააგო.
სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა ვალენსიაში გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამარჯვებით – 79:76 დასრულდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:39 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა თავისიანთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი მალაგურ გუნდში უმეტესი – 14 გახლდათ.
ამგვარად, ესპანური ლიგის ნახევარფინალები სრულად დაკომპლექტდა: “რეალი” “ვალენსიას” ეთამაშება, ხოლო “ბარსელონა” – თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” გამამწარებელ “სარაგოსას”.