ქართული კალათბურთისა და მსაჯობისთვის მორიგი მნიშვნელოვანი აღიარება: FIBA-ს ლიცენზიის მქონე ერთადერთმა ქართველმა ქალმა არბიტრმა, მარინა შალამბერიძემ, მალტაში მიმდინარე 16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის (C დივიზიონი) ფინალურ მატჩზე დანიშვნა მიიღო. აღსანიშნავია, რომ შალამბერიძე გადამწყვეტ შეხვედრას მთავარი მსაჯის (Crew Chief) სტატუსით გაუძღვება.
მარინა შალამბერიძისთვის ეს ზედიზედ მეორე ევროპული ფინალია — ივნისის ბოლოს მან ქალთა C დივიზიონის ფინალურ შეხვედრაშიც იმსაჯა. თუმცა, ამჯერად მისი როლი კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა: ევროპის ჩემპიონატის ფინალში ის პირველად გვევლინება მთავარ არბიტრად.
უფრო მეტიც, მიმდინარე 16 წლამდე ტურნირზე შალამბერიძე ყველა შეხვედრაში მთავარი მსაჯის ფუნქციას ასრულებდა, რაც პირდაპირ მიუთითებს მის მაღალ პროფესიონალიზმზე, კვალიფიკაციის ზრდასა და FIBA-ს მხრიდან მზარდ ნდობასა თუ დაწინაურებაზე.
ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში მასპინძელი მალტა და ალბანეთი შეხვდებიან.
სწორედ ალბანეთთან დათმო ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა — დრამატულ და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით, 57:58 დამარცხდა.
თუმცა, ქართველმა გოგონებმა ტურნირი მაინც პოზიტიურ ნოტაზე დაასრულეს: მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 73:49 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.