დასრულდა სანაკრებო ციკლი და ამასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მასმედიელებს შეხვდა. შეხვედრას მხოლოდ მწერალი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ჟურნალისტთა შეკითხვებს კი პასუხი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა ძიძავამ გასცეს. ჟურნალისტებიდან შეხვედრას “სპორტის”, “სარბიელის”, “ოლიმპის”, “24 საათისა” და “რეზონანსის” წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბესიკ ლიპარტელიანი: “ამ შესარჩევი ციკლისთვის ნაკრებმა მზადება თბილისში დაიწყო, რის შემდეგაც მონაწილეობა მივიღეთ ორ საერთაშორისო ტურნირში, სადაც არცთუ სუსტ მეტოქეებთან თამაში მოგვიხდა. ერთ-ერთ ტურნირზე რუმინეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. მოგეხსენებათ, რუმინელები ამჟამად B დივიზიონის ერთ-ერთი ქვეჯგუფის ლიდერები არიან და არის გამორიცხული, რომ ფლეი ოფში გასვლის შემთხვევაში სწორედ მათთან თამაში მოგვიხდეს.
ფინეთთან წაგებული მატჩის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ნაკრების თამაშში აშკარა პროგრესი შეიმჩნევა. ნელ-ნელა ვუმატებთ და სასიხარულოა, რომ ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეები ამ დონეზე სათამაშოდ აუცილებელ გამოცდილებას იძენენ.
რა თქმა უნდა, ფინეთი რომ დაგვემარცხებინა, მომდევნო ეტაპზე გასვლის ძალიან დიდი, 90 პროცენტის ტოლფასი შანსები გაგვიჩნდებოდა, თუმცა ძლიერი და დაბალანსებული მეტოქის ძლევა ვერ შევძელით.
მიუხედავად ამისა, წაგებაში ტრაგედიას ვერ ვხედავ და მიმაჩნია, რომ თბილისში ფინელების 11 და მეტი ქულით დამარცხება სავსებით შესაძლებელია.
ნაკრების მწვრთნელებს კვლავაც სრულ ნდობას ვუცხადებთ და ვეცდებით, შემდეგ წელს გასამართი მატჩების წინ ნაკრებს წლევანდელზე უკეთესი მოსამზადებელი პირობები შევუქმნათ.”
ლაშა ძიძავა: “სამწუხაროდ, ფინეთთან სუსტად ჩატარებულმა 15 წუთმა ნაკრებზე მცდარი და მხოლოდ ამ მონაკვეთიდან გამომდინარე შთაბეჭდილება შექმნა.
თანაც, მოსამზადებელი ციკლის დაგეგმვისას ფინელები ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან. ორი ძლიერი ლეგიონერის გარდა, თითქმის ყველა მოთამაშე ლოკალურ ლიგებში ირიცხება და აქედან გამომდინარე, გუნდის შეკრებვას გაცილებით ნაკლები დრო მიაქვს.
თანაც, ფინელები საკონტროლო მატჩებს თავის გეოგრაფიულ მეზობლებთან ატარებენ და ამ მხრივაც დიდ უპირატესობა აქვთ.
გორდონ ჰერბერტმა მოთამაშეებზე სათამამაშო დრო იდეალურად გადააანაწილა და თუ შეამჩნიეთ, ნაკრების ძალიან ბევრ წევრს საშუალო სათამაშო დროის მხრივ სრული თანაფარდობა გააჩნია. პრეზიდენტს ვეთანხმები, პროგრესი აშკარაა და მომავალს იმედიანად ვუყურებთ.”