თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით „ბასკონიამ“ სტუმრად „რეალ ბეტისი“ დაამარცხა. შენგელიმ 18 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა ეს დრო მატჩის MVP-ის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გასულმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრო და შეტევაზე ორიენტირებულმა 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და 1 სამიანი ააცილა. საბოლოოდ შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 20 ერთეული შეადგინა და ის ამ კომპონენტში მოედანზე საუკეთესო იყო.
ვიტორიელებმა მეტოქეს იოლად აჯობეს. პირველი ტაიმის შემდეგ „ბასკონია“ 47:25 იგებდა და დარჩენილ დროში გუნდის ლიდერები აღარ დატვირთულან. სათამაშო დრო ვიტორიელ კალათბურთელებზე თითქმის თანაბრად გადანაწილდა და „ბაკონიაც“ იოლად მივიდა გამარჯვებამდე – 94:60. შენგელიას კვალზე 12 ქულა ჰქონდა კიმ ტილის, ხოლო ჩეის ბადინჯერმა, იონეს ვოიგტმანმა და ანდრეა ბარნანიმ 9-9 ქულა დააგროვეს.
„ბასკონიას“ 7 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და სანამ ტურის სხვა მატჩები დასრულდებოდეს, ცხრილში მე-5 ადგილზეა. ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმდინის „ანდორა“ დღეს სტუმრად „ესტუდიანტესს“ ეთამაშება.