თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში შედეგიანი მატჩი ჩააატარა. ქართელმა ფორვარდმა „ბასკონიას“ ათენში, „პანათინაიკოსთან“ მატჩში ულიდერა, თუმცა გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ვიტორიელებმა ბოლო წამებზე დასანანი მარცხი იწვნიეს – 68:69.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 22:18 წუთში კი 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.თორნიკემ 14-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მისწინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. “ბასკონიას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ადამ ჰანგამ (12), როდრიგ ბობუამ (11) და ილიმანე დიოპმაც(10) უწიეს, მასპინძლებს კი კრის სინგლტონმა (23), მაიკ ჯეიმსმა (16) და ნიკ კალატესმა (14) ულიდერეს.
ათენში გამარჯვება ვიტორიელებს ევროლიგაში ერთპიროვნულ მეორე ადგილს მოუტანდა, თუმცა დამარცხდა და 4 გუნდთან ერთად, 9 მოგებითა და 5 წაგებით მეორე-მეექვსე ადგილებს იყოფს. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, შინ, თელ ავივის “მაკაბისთან”გამართავს.