თორნიკე შენგელიამ “ბასკონია” ფინალში გაიყვანა. ვიტორიული კლუბის ქართველმა კაპიტანმა ბასკონიელებს კატალონიაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ ულიდერა და ფინალში გასასვლელი მატჩი 88:82 მოაგებინა. ნახევარფინალურ სერიას ვიტორიელები 2:1 იგებდნენ და ნახსენები შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. “ბასკონიამ” დღევანდელი გამარჯვებით სერია 3:1 მოიგო და ფინალში მადრიდის რეალს შეუწყვილდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იტო და 34:36 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ ოთხივე ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში “ბასკონია” მადრიდის “რეალს” ეთამაშება. მოედნის უპირატესობა დედაქალაქელებს აქვთ, პირველი მატჩი კი 13 ივნისს შედგება.